კონკურენციის სააგენტო: ნავთობკომპანიებთან მაქსიმალური სანქცირების გზით არ წავსულვართ

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ  ნავთობკომპანიებთან ჩვენ არ წავსულვართ მაქსიმალური სანქცირების გზით" – აღნიშნულ განცხადებას, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, გიორგი ბარაბაძე "აიპრესთან" საუბრისას აკეთებს. ბარაბაძის განცხადებით, ბაზრის შესწავლის დროს სააგენტოს ნავთობკომპანიებთან პროდუქტიული თანამშრომლობა ჰქონდა.

"ცალსახად ვაღიარებ, ნავთობპროდუქტების ბაზრის შესწავლისას, ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა გვქონდა. ჩვენს შორის უამრავი შეხვედრა შედგა. თემა იყო საკმაოდ ვრცელი, – შევისწავლეთ 10 წლის პერიოდი, ეს ზღვა მასალა და ინფორმაციაა. საქმის მასალები დაახლოებით 50 ტომია, თავად დასკვნა კი 1200 გვერდი", – აღნიშნავს ბარაბაძე.

კითხვაზე რა სქემით ხდებოდა კარტელური გარიგებები ნავთობის ბაზარზე, გიორგი ბარაბაძე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს. მისი განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე სასამართლოშია ინფორმაცია გრიფით საიდუმლოა.

"ჯარიმა გამოითვლება თითოეული კომპანიის წინა წლის ფინანსური ბრუნვიდან გამომდინარე. მათი ფინანსური ბრუნვები განსხვავდება, აქედან გამომდინარე დაანგარიშდა ჯარიმები. მინდა ხაზი გავუსვა, რომ  ჩვენ არ წავსულვართ მაქსიმალური სანქცირების გზით.

ყველას აქვს უფლება, საკუთარი უფლება დაიცვას სასამართლოში, ეს ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი ატრიბუტია. ჩვენ დავდეთ დასკვნა, რომ არის დარღვევა. კომპანიებს სრული უფლება ჰქონდათ მიემართათ სასამართლოსთვის. ახლა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს და გამოიტანოს ვერდიქტი. დარწმუნებული ვარ ჩვენს სიმართლეში", – აღნიშნავს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი.

როგორც გიორგი ბარაბაძე აღნიშნავს, 2012 წლამდე ბაზარზე 179–მდე იმპორტიორი ოპერირებდა, 2010 წლიდან 2012 წლამდე კი მათი რიცხვი 7–მდე შემცირდა. “2010-2012 წლამდე ბაზარზე 7 იმპორტიორი დარჩა, დანარჩენი ყველა კი ბაზრიდან გავიდა. 2012 წლიდან დღემდე მათი რიცხვი დაახლოებით 33–მდე გაიზარდა. ტენდენცია მიდის დადებითისკენ. გაიხსნა საზღვრები და 2012 წლის პერიოდის შემდეგ შეზღუდვები მოიხსნა", – აცხადებს გიორგი ბარაბაძე "აიპრესთან" ინტერვიუში, რომელსაც სრულად უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა. ჯარიმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: სოკარი – 14 381 385 ლარი, რომპეტროლი – 10 885 806 ლარი, გალფი – 11 267 384 ლარი, ვისოლი – 10,426 393 ლარი, ლუკოილი – 4, 740 260 ლარი. ასევე, შპს L იოლი – 1 209 800 ლარი, შპს ი თი აი – 1 172 776 ლარი, შპს. ბინული 1 – 654 445 ლარი. კონკურენციის სააგენტო ნავთობის ბიზნესს 8 თვის განმავლობაში სწავლობდა. ნავთობკომპანიებმა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად