„კომუნიკაციების კომისიამ“ „კავკასუს ონლაინში“ სპეციალური მმართველი დანიშნა და კომპანიას დააკისრა მისთვის ხელფასად 8 000 ლარის გადახდა

გადაწყვეტილება „კავკასუს ონლაინში” სპეციალური მმართველის დანიშვნის შესახებ, ამ წუთებში გამოაცხადა „კომუნიკაციების კომისიამ”. სპეციალურ მმართველად სახელმწიფო „კავკასუს ონლაინში” თავის კადრს, მარიამ სულაბერიძეს ნიშნავს და ამავდროულად მისთვის 8 000 ლარიანი ხელფასის დანიშვნას ითხოვს. კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, სულაბერიძეს უფლება ექნება გაათავისუფლოს გენერალური დირექტორი და ის თანამშრომლები, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის.

ამ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ დაიწყო იმ კანონის აღსრულება, რომელსაც ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევენ.

შეგახსენებთ, რომ ინტერნეტის უმსხვილესი საბითუმო მიმწოდებელი რეგიონში, „კავკასუს ონლაინი“ ბოლო პერიოდში, ერთნაირად მოექცა მედიის, მთავრობის, პარლამენტის, კომუნიკაციების კომისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ.

უფრო მეტიც, საპარლამენტო მუშაობაში ეს ერთ-ერთი უიშვიათესი (თუ ერთადერთი არა) შემთხვევაა, როცა დარგობრივი კომიტეტის სხდომა ღამის 2 საათამდე გაგრძელდა.

ბიზნესისთვის კატასტროფულად მავნე და დამაზიანებელი საკანონმდებლო ცვლილებები მხოლოდ ერთი კომპანიისთვის რომ მიიღეს, დღეს ამას აღარავინ აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ, უფრო მეტიც, დარგობრივ-ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარე, რომან კაკულია, ამას პირდაპირ, საპარლამენტო ტრიბუნიდან აცხადებს.

2020 წლის 17 ივლისს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, არსებული საკანონმდებლო ჩარჩო არ აღმოჩნდა საკმარისი კომპანიის ქმედებების აღსაკვეთად, ამიტომაც შევიდა კანონში ცვლილებები.

„მთავარი პრობლემა იყო ის, რომ არსებობდა კომპანია, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გათვალისწინების გარეშე განახორციელა ქმედება და არსებული კანონით გათვალისწინებული ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქმედების აღკვეთისთვის. არსებობდა უფრო მკაცრი ზომა, რომელსაც ჰქვია ლიცენზიის შეჩერება, მაგრამ მას მოჰყვება ცუდი შედეგები მოსახლეობისთვის. ამიტომ მარეგულირებელმა გადაწყვიტა შემოეტანა შედარებით რბილი ზომა, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინა”, – განაცხადა რომან კაკულიამ.

2020 წლის 17 ივლისსვე, საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი („კანონი“). პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი მაცნეში იმავე დღეს გამოქვეყნდა და დღეს უკვე კანონი მოქმედია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად