კომპანია Johnson & Johnson-ის ვაქცინამ მდგრადი იმუნური რეაქცია აჩვენა პირველი და მეორე ფაზის კლინიკური კვლევების დროს

ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ, რომელიც ამერიკულმა კომპანია Johnson & Johnson-მა შექმნა, მდგრადი იმუნური რეაქცია აჩვენა პირველი და მეორე ფაზის კლინიკური კვლევების დროს. შესაბამისი მონაცემები მოცემულია ელექტრონული სამეცნიერო ბიბლიოთეკის medRxiv ვებსაიტზე.

გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, კვლევებში 800 ადამიანი მონაწილეობდა, ორ ჯგუფად დაყოფილი. პირველში შედიოდნენ 18-დან 55 წლამდე ადამიანები, ხოლო მეორეში – 65 წელს გადაცილებული. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ შედეგები წინასწარია და დამოუკიდებელ ექსპერტებს ჯერ არ დაუდასტურებიათ.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის ანტისხეულები ვაქცინაციიდან 29 დღის შემდეგ კლინიკურ კვლევებში მონაწილეთა 99%-ში გამოჩნდა. ამავე დროს, გვერდითი მოვლენები, მათ შორის ცხელება, თავის ტკივილი, სისუსტე, ტკივილი სხეულში იყო მსუბუქი და ზომიერი ხასიათის და გაქრა ერთიდან ორ დღეში. მეცნიერები აცხადებენ, რომ ტესტის შედეგები საშუალებას იძლევა, რომ ვაქცინის შემუშავება გაგრძელდეს.

Johnson & Johnson-მა ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ეტაპი ოთხშაბათს დაიწყო. კვლევაში მონაწილეობს 60 ათასი მოხალისე სამი კონტინენტის რვა ქვეყანაში. კომპანია იმედოვნებს, რომ თუ ვაქცინა დაადასტურებს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, მაშინ პირველი პარტია ხელმისაწვდომი იქნება სერტიფიკაციისთვის 2021 წლის დასაწყისში.

აშშ-ს მთავრობამ 1,2 მილიარდი დოლარი გამოუყო ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებთან თანამშრომლობით ამზადებს ვაქცინას. გარდა ამისა, ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ამ მიზნებისათვის 486 მილიონი დოლარი გამოყო ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Moderna-სთვის და 456 მილიონი დოლარი Johnson & Johnson-ისთვის. საერთო ჯამში, თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ს ადმინისტრაციამ ამ პროექტებში 12 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად