კომპანია „ჯი-თი მოტორსმა” დავა წააგო, სადაც დასაქმებული სამსახურიდან 1 წუთის დაგვიანების გამო გაათავისუფლა – სასამართლომ უკანონოდ ცნო სამი ბრძანება

ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ჯი-თი მოტორსმა“ დასაქმებულთან პრინციპული დავა წააგო: ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ორი დისციპლინარული სახდელი – საყვედური და სასტიკი საყვედური, კომპანიას დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა და სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება. განცხადებას აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

საქმის მასალების მიხედვით, დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 2019 წლის იანვრის თვიდან. დასაქმებულა წარმატებით განვლო გამოსაცდელი ვადაც და დაკისრებული მოვალეობებიც შეასრულა ყველა ვალდებულების დაცვით. კომპანიის გენერალური დირექტორის მხრიდან 2019 წლის ოქტომბერში მიიღო წინადადება კომპანიის სხვა დეპარტამენტის სხვა პოზიციაზე გადასვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მხარეთა შორის, 2019 წლის 1 ნოემბერს გაფორმდა ვადიანი ხელშეკრულება. მუშაკი დასაქმდა კომპანიის სერვისის მიმღების პოზიციაზე (ფორდი და სუძუკის მიმართულებით) და თავის საქმიანობას ასრულებდა კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, მაღალი პროფესიონალიზმითა და თანამშრომლობის საუკეთესო პრინციპებზე დაყრდნობით. აღნიშნულზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ დასაქმებულს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის განმავლობაში, არც ერთხელ არ ჰქონდა დაკისრებული დისციპლინარული სახდელი და მომხმარებელთა კმაყოფილების მაჩვენებლებიც შესაბამისს დასკვნებზე მიუთითებდა.

მხარეთა შორის თანამშრომლობა გრძელდებოდა ჩვეულებრივი დღის წესრიგით, ვიდრე არ განხორციელდა ცვლილება, რის შედეგადაც, კომპანიის ერთ-ერთი ბრენდის – „ფორდის“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტის უფროსი გახდა ბაკურ ჭელიძე. აღნიშნულმა პირმა განიზრახა საკადრო ცვლილებების განხორციელება და მასთან ლოიალური და ახლო ურთიერთობაში მყოფი პირების დაწინაურება. ვინაიდან კომპანიის სერვისის მიმღების პოზიციაზე დასაქმებული პირის მიმართ არ არსებობდა საფუძვლები სამსახურიდან გათავისუფლების საკითხის დასმისთვის, კომპანიამ არარსებული ფაქტები შექმნა და დასაქმებული სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. კერძოდ, დასაქმებულის მიმართ წარდგენილი იქნა პრეტენზიები, რომელიც შეეხებოდა 1. სამსახურში 1 წუთით დაგვიანებას, 2. ბაკურ ჭელიძის მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის შეუმოწმებლობას და მასში დასმული საკითხის – ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსის ცვლილების შეუსრულებლობას, 3. კომპანიის ერთ-ერთი მომხმარებლის – ს.ს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლის სატელეფონო ზარზე პასუხს, რომელმაც უსაფუძვლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კომპანიას და დასაქმებულს, რა დროსაც, დასაქმებულმა მოუწოდა მომხმარებელს, რომ ტონი შეეცვალა 4. კომპანიის მომხმარებელთა ზოგადი უარყოფით სტატისტიკურ მაჩვენებელს დასაქმებულის საქმიანობის მიმართ.

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, აგრეთვე ორი ინსტანციის სასამართლოს დასკვნების თანახმად, უარყოფილია მტკიცება იმის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა სამსახურში დაგვიანებას. კომპანია ასაბუთებდა, რომ დასაქმებული, მაშინაც კი, როდესაც ცხადდებოდა სამსახურში, მუშაობას არ იწყებდა დროულად და კომპანიის ეზოში მიირთმევდა ყავას და მოიხმარდა თამბაქოს, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია. ამასთან, არ იქნა გაზიარებული კომპანიის მომხმარებელთა ზოგადი უარყოფით სტატისტიკურ მაჩვენებელზე მითითებები, ვინაიდან დასაქმებულს ჰქონდა საწინააღმდეგო მტკიცება. რაც შეეხება ბაკურ ჭელიძის მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული ფოსტის შეუმოწმებლობას და მასში დასმული საკითხის – ერთ-ერთი მომხმარებლის სტატუსის ცვლილების შეუსრულებლობას, განიმარტა, რომ ამ კონკრეტულ დღეს, დასაქმებული მუშაობდა სხვა კომპიუტერიდან და ტექნიკურად არ ჰქონდა წვდომა სამსახურეობრივ ელექტრონულ ფოსტასთან. მას შემდეგ, რაც ასეთი ელექტრონული შეტყობინების შესახებ ინფორმაცია მიიღო ბაკურ ჭელიძისგან, გამოთქვა მზადყოფნა მოეხდინა რეაგირება, თუმცა ბაკურ ჭელიძემ განუმარტა, რომ ცვლილება მისი მხრიდან უკვე გასწორებული იქნა.

საქმის მასალებით დადგინდა ს.ს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლის სატელეფონო ზართან დაკავშირებული გარემოებები. კერძოდ, კორპორაციის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა კომპანიაში შეყვანილი იქნა საბურავების სერვისზე. წინასწარი ჩაწერის გარეშე. მანქანა დატოვებულ იქნა ე.წ. ცოცხალ რიგში, რათა ადგილის გათავისუფლების შემთხვევაში, მომხმარებელს მიეღო შესაბამისი სერვისი. მომხმარებელი ჩქარობდა სერვის მიღებას რამდენიმე დღის განმავლობაში, თუმცა უშედეგოდ. მან კომპანიის სატელეფონო ხაზზე განახორციელა ზარი და დაინტერესდა, იყო თუ არა დასრულებული მომსახურება, რაზედაც დასაქმებულმა უპასუხა, რომ გადაამოწმებდა ინფორმაციას და ამ პროცესში, მას აწვდის ცნობას, თუ რა ეტაპზე იმყოფებოდა სერვისის მიღება. მომხმარებელი იღებს ინფორმაციას, რომ ავტომობილზე მომსახურება მიმდინარეობდა, რაზედაც კორპორაციის წარმომადგენელი ვერ ფარავს აგრესიას, გაღიზიანებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, როგორც კომპანიას, ასევე დასაქმებულს – აქვს უხამსი გამონათქვამი და შეგინება. ამ ქცევის გამო, კორპორაციის წარმომადგენელმა სასამართლოში მოწმის სახით გამოკითხვის დროსაც, როგორც კომპანიას, ასევე დასაქმებულს ბოდიში მოუხადა, მაგრამ კომპანიამ დასაქმებულის მხრიდან მომხმარებლის მიმართ გამონათქვამი, რომ ტონი შეერჩია, ჩაუთვალა კომპანიის კორპორაციული ეტიკეტის დარღვევად.

კომპანია „ჯი-თი მოტორსის“ გენერალური დირექტორის თემურ უსტიაშვილის 2020 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით, დასაქმებული გათავისუფლდა დაკისრებული თანამდებობიდან. მხარემ გათავისუფლების ბრძანება გაასაჩივრა სასამართლო წესით, სარჩელზე წარმოდგენილი კომპანიის მასალებით კი ცნობილი გახდა, რომ დასაქმებულის მიმართ, მისი შეტყობინების გარეშე, კომპანიაში ჩატარებული იქნა დისციპლინარული წარმოება და ს.ს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლის სატელეფონო ზართან დაკავშირებით, 2020 წლის 13 ივნისს გამოცხადებული აღმოჩნდა საყვედური, 2020 წლის 15 ივნისს, ელექტრონული ფოსტის შეუმოწმებლობის გამო კი – სასტიკი საყვედური. მუშაკმა, გათავისუფლების ბრძანებასთან ერთად, სასამართლო წესით სადავო გახადა გამოცემული დისციპლინარული სახდელებიც და მათ ბათილად ცნობასთან ერთად, მოითხოვა სამსახურში აღდგენა და იძულებითი შრომითი განაცდურის ანაზღაურება.

2021 წლის 22 ივლისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისა და სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანებები. კომპანია „ჯი-თი მოტორსს“ დაევალა დასაქმებულის სასარგებლოდ, უკანონო გათავისუფლების ფაქტის გამო, ერთჯერადი კომპენსაციის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. კომპანიას დაეკისრა სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯებიც. სასამართლომ არ დააკმაყოფილა დასაქმებულის მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და დისციპლინარული სახდელის – საყვედურის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით. სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი ხელშეკრულება, რომელიც სრულდებოდა 2021 წლის 1 ნოემბერს. საქმის მასალებით დადგინდა, რომ კომპანიამ შრომითი-ურთიერთობები გაუგრძელა დასაქმებულის პოზიციაზე მყოფ სხვა 3 მუშაკს, რომლებიც, აგრეთვე, იმყოფებოდნენ ვადიანი შრომით-ურთიერთობებში. ბაკურ ჭელიძემ განმარტა, რომ დარღვევების არარსებობის პირობებში, შრომითი-ურთიერთობები გაგრძელდებოდა მომჩივანთანაც, მაგრამ სასამართლომ აღნიშნა, რომ ბაკურ ჭელიძე არ გახლდათ სათანადო უფლებამოსილების ქვეშ მყოფი პირი და შრომითი-ურთიერთობის გაგრძელებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ამდენად, სამსახურში აღდგენის მოთხოვნა, არ გაიზიარა. სასამართლომ მართლზომიერად მიიჩნია საყვედურის შესახებ გამოცხადებული ბრძანება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა დასაქმებულმა და მოითხოვა საყვედურის ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სრულად. სააპელაციო საჩივარზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა კომპანია „ჯი-თი მოტორსმა“ და მოითხოვა გადაწყვეტილების შეცვლა კომპანიის საწინააღმდეგოდ დამდგარ ყველა შედეგში.

2021 წლის 19 ნოემბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, დასაქმებულის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასამართლომ სრულად გაიზიარა მომჩივანის დასაბუთება და ბათილად ცნო დისციპლინარული სახდელი – საყვედური. არ დაკმაყოფილდა კომპანია „ჯი-თი მოტორსის“ შეგებებული სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ იდენტური განმარტება გააკეთა სამსახურში აღგენისა და განაცდურის სრულად გადახდევინების ნაწილშიც. ამასთან, დამატებით განმარტა, რომ მომჩივანი გათავისუფლებიდან მცირე დროში დასაქმდა სხვა სამსახურში და დღემდე აგრძელებს საქმიანობას, როგორც კვალიფიციური კადრი. მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი ხელშეკრულება. ამდენად, ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია „ჯი-თი მოტორსმა“ მომჩივანთან პრინციპული დავა წააგო: ბათილად იქნა ცნობილი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება, ორი დისციპლინარული სახდელი – საყვედური და სასტიკი საყვედური, კომპანიას დაეკისრა ერთჯერადი კომპენსაციის გადახდა და სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურება.

საქმეზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა გასწია. კომპანია „ჯი-თი მოტორსის“ ინტერესებს გიორგი ყავლაშვილი და სანდრო სუბელიანი წარმოადგენდნენ. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმე მოსამართლე გია ბერაიამ განიხილა, თბილისის საქალაქო სასამართლოში კი – მოსამართლე: ნონა ზარქუამ. ცნობილია, რომ კომპანია „ჯი-თი მოტორსი“ უმსხვილესი კომპანიაა და საქართველოში ლენდ როვერის, იაგუარის, ფორდისა და სუზუკის ოფიციალური წარმომადგენელი.

კომენტარები
იტვირთება...