კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდება იზრდება, დეპოზიტების მოცულობა მცირდება

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა (არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით), 2015 წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით 12.4 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) გაიზარდა (მათ შორის: გაცვლითი კურსის ცვლილების შედეგად 0.05 პროცენტით და ოპერაციების შედეგად – 0.03 პროცენტით) და 2015 წლის პირველი ივნისისათვის 14.9 მლრდ ლარს მიაღწია. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 18.5 მლნ ლარით (0.4 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 6.1 მლნ ლარით (0.1 პროცენტით) შემცირდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2015 წლის მაისის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 1.6 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით – 5.7 მლრდ ლარის (0.8 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იურიდიული პირების დაკრედიტების მთლიან მოცულობაში ყველაზე დიდი ხვედრითი წილი – 31.2 პროცენტი ვაჭრობის სფეროზე მოდის. 2015 წლის აპრილთან შედარებით, მაისში ვაჭრობის სფეროზე გაცემული სესხების მოცულობა 1.7 პროცენტით ანუ 40.0 მლნ ლარით შემცირდა და პირველი ივნისისათვის 2.3 მლრდ ლარი შეადგინა.

მრეწველობაზე გაცემული სესხების წილმა იურიდიულ პირებზე გაცემული ვადიანი სესხების საერთო მოცულობაში 22.2 პროცენტი შეადგინა, რაც 2015 წლის პირველი ივნისისათვის 1.6 მლრდ ლარით განისაზღვრა (პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით 1.9 პროცენტით ნაკლები); 6.5 პროცენტი მოდის მშენებლობაზე, რაც 477.3 მლნ ლარია (1.7 პროცენტით ნაკლები). ამდენად, იურიდიული პირების დაკრედიტების საერთო მოცულობის 59.8 პროცენტი მხოლოდ სამ დარგზე – მრეწველობაზე, მშენებლობასა და ვაჭრობაზე მოდის.

2015 წლის მაისის განმავლობაში 0.1 პროცენტით ანუ 6.7 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის  6.8  მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი ივნისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 35.39 პროცენტი, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაციამ 52.60 პროცენტი შეადგინა. პირველი მაისის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, ხოლო ფიზიკური პირების სესხების ლარიზაცია 0.08  პროცენტული პუნქტით შემცირდა.

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2015 წლის პირველი ივნისისათვის 12.8 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 174.9 მლნ ლარით ანუ 1.35 პროცენტით ნაკლებია პირველი მაისისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე მაისში დეპოზიტების მოცულობა 1.41 პროცენტით შემცირდა). მაისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა როგორც ვადიანი, ისე მოთხოვნამდე დეპოზიტების შემცირებას, შესაბამისად 83.4 მლნ ლარით (ანუ 1.1 პროცენტით) და 91.5 მლნ ლარით (1.8 პროცენტით).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად