კომატოზური მდგომარეობა – ლევან ფანცხავას ბლოგი

ოთხშაბათი, საღამოს 22:00 საათი: facebook ზე პანიკაა, ვერ ვპოსტავთ, ფოტოებს ვერ ვაქვეყნებთ, კომენტარებს ვერ ვწერთ, გზავნილებს ვერ ვაგზავნით. ფაქტობრივად “გლოვაა” გამოცხადებული, დიახ არაფერი ისეთი არ წაგიკითხავთ რაც შეიძლება გაგიკვირდეთ. “გლოვობს” ყველა, დიდი, პატარა, სტატუსშეპყრობილი, ფოტომანიაკი და ა. შ.

გლოვობენ ჟურნალისტებიც… არც ეს მოგესმათ, ჟურნალისტი, რომელსაც უნდა რომ მსოფლიოში, მინიმუმ საკუთარ ქვეყანაში მაინც წაიკითხონ ახალი ამბავი, რომელიც ყველას აინტერესებს, რომელიც ამ წუთებში ხდება, თუნდაც ახლა რაზეც ვლაპარაკობთ, ან უკვე მოხდა.

მე აივნიდან ვუყურებ ტყემალს, რომელიც სულ რაღაც ერთი კვირაა მისი ტოტების სითეთრით ქუჩას აბრუებს, ვუყურებ და ვფიქრობ რომ მე ათი წლის წინ, იმ სამყაროში გადავცხოვრდი რომელსაც ელექტროენერგიით ვტენი, სმარტფონში, პატარა ეკრანში, რომელიც ბოლო წლებია იტევს სიყვარულს, იტევს ისტორიებს, იტევს ყოველდღიურობას, იტევს სიძულვილს, ყველაზე მეტ ინფორმაციას, ასე უბრალოდ იტევს და გვახსენებს წლების მერე როგორები ვიყავით და დღეს ვინ ვართ.

ასე ერთ წამში შევშინდით, რომ ამ ყველაფერს ვკარგავთ და მივხვდი რომ…

გამახსენდა ბავშვობაში როცა ეს ტყემალი ყვავილობას დაამთავრებდა, ყოველთვის იმ შესქელებულ ტოტზე ჩამოვჯდებოდი, რომელსაც ახლა ვუყურებ, ახლადგამოჩეკილ ტყემლის ნაყოფს ვახრატუნებდი და ეს იყო ჩემი სამყარო, ეს იყო მსოფლიო, სიმჟავით მოკვეთილი კბილებიდან იზომებოდა დედამიწის სიმრგვალე.

რა რთულია დღეს დიდობანა, რომელზეც მაშინ ვოცნებობდით და რა რთულია ახლა ოცნება, ისევ პატარები ვიყოთ. შორს წავალთ, მოკლედ ასე საღამოს ათი საათი იქნებოდა, ლამით თავზე დაგვემხო ნაგროვები წლები, რომელიც ამ პატარა ეკრანზე ვაკოწიწეთ და ერთ დღესაც ალბათ მართლა ვერ დაეტევა.

2019 წელი, ოთხშაბათი, 22:00 საათი, გვეგონა რომ სამყარო დავკარგეთ, ამ დროისთვის კი გარეთ ტყემალი ყვავის და დგას გაზაფხული, იგრძნობა სიცოცხლის სუნი და ვფიქრობ რომ ყველაფერი სისულელეა სამყაროს გარდა, იმ სამყაროს, რომელმაც ჩვენ დიდი ხანია დაგვკარგა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...