კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას უბნის რეინჯერებს საერთაშორისო სტანდარტის უნიფორმები გადაეცათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას უბანს ესტუმრა და საერთაშორისო სტანდარტის ახალი ფორმები რეინჯერებს გადასცა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და USAID-ის პროექტის „Zrda“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიის მონაკვეთის განვითარების პროექტი მიმდინარეობს. „ზრდამ“ უზრუნველყო კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის საჭირო უსაფრთხოების ინვენტარით აღჭურვა, ტექნიკური მხარდაჭერა და შესაბამისი აღჭურვილობისა და ინვენტარის შეძენა ახალი აქტივობების განხორციელებისა და ვიზიტორებისთვის მომსახურების მიწოდების მიზნით, კოლხეთის ეროვნული პარკის შესახებ ახალი მარკეტინგული და საინფორმაციო მასალების შემუშავება და დაბეჭდვა, მათ შორის, „თოკების პარკის“ მოწყობა, რომელიც ბუნებაში არსებული გასართობ-შემეცნებითი ატრაქციაა.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერების წახალისებისთვის, სააგენტო არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციიდან იღებს მხარდაჭერას. პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, რეინჯერებს ახალი საერთაშორისო სტანდარტის ფორმები გადაეცათ. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების გაძლიერებას, რაც აისახება უკეთესი სერვისების შეთავაზებაში, დამატებითი ტურისტული ატრაქციის შექმნასა და ტურისტული ნაკადების ზრდაში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რეინჯერთა ხელფასები 100%-ით გაიზარდა, გაუმჯობესდა მათი სამუშაო პირობები და სადაზღვევო პაკეტები. მნიშვნელოვანია რეინჯერთა წახალისება, რადგან სწორედ ეს ადამიანები იცავენ საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას“, – განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

პროექტის „ზრდა“ ფარგლებში, დღეისათვის, კოლხეთის ეროვნული პარკის ჭურიას უბანზე განხორციელებულია 329 345 ლარის ინვესტიცია.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად