კობი-გუდაურის ახალი საბაგირო გზა უამინდობით გამოწვეულ გადაადგილების პრობლემასაც მოაგვარებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტირებისა და მშენებლობის სამუშაოებს ახორციელებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება, მისი ღირებულება დაახლოებით 81 მილიონი ლარია და ის 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

საბაგირო გზის მშენებლობის მიმდინარეობას მუნიციპალური განვითარების ფონდის აღასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე ადგილზე გაეცნენ.

ახალი საბაგირო გზა დაახლოებით შვიდნახევარი კილომეტრი სიგრძის იქნება და უამინდობისა და დიდთოვლობის გამო ყაზბეგში ჩაკეტილი გზით გამოწვეულ პრობლემასაც მოაგვარებს. საბაგირო გზით გუდაური-კობის მიმართულებით გადაადგილებას არა მხოლოდ მოთხილამურეები, არამედ მოსახლეობაც შეძლებს.

ახალი საბაგირო გზა ჩრდილოეთ ფერდობზე მდებარეობს და მის მიმდებარე სათხილამურო გზაზე სრიალი გვიან გაზაფხულამდე იქნება შესაძლებელი.

კობი-გუდაურის საბაგირო გზის პროექტის განხორციელება ხელს შეიწყობს მიმდებარე არეალში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ გაზრდის ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების შესაძლებლობებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ყაზბეგში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა, დაბა სტეფანწმინდაში მიმდინარე სპორტ-სკოლის რეაბილიტაცია და გერგერთის სამებამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მშენებლობა. დაგეგმილია ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციაც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად