კობი ბრაიანტის პირადი ვერტმფრენის კატასტროფისას სულ 9 კაცი დაიღუპა

ცნობილი გახდა ყველა იმ პირის ვინაობა, ვინც კობი ბრაინტთან ერთად ვერტმფრენის კატასტროფის დროს დაიღუპა

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ვერტმფრენში 5 კაცი იმყოფებოდა. უკანასკნელი ცნობების თანახმად კი, კობი ბრაიანტის კუთვნილ ვერტმფრენში, რომელიც კალიფორნიის ორინჯის ოლქიდან ქალაქ თაუზენდ-ოუკსისკენ მიფრინავდა, სულ 9 კაცი იმყოფებოდა. ვერტმფრენმა, რომელიც თვითმხილველთ თქმით, ძალზე დაბლა მიფრინავდა და “არასწორ” ხმებს გამოსცემდა, ქალაქ გლენდეილს 15 წუთის განმავლობაში 9 წრე დაარტყა და ამის შემდეგ, ძლიერი ნისლის პირობებში,  ბორცვის ფერდობს შეეჯახა.

საჰაერო მიმოსვლის სამმართველოში არსებული ვერტმფრენის პილოტის და დისპეტჩერის საუბრის აუდიო ჩანაწერიდან ირკვევა, რომ პილოტს  საფრენი პირობების გაუარესების შესახებ აცნობეს, მან კი სთხოვა დისპეტჩერს,  დაერთო ფრენის  ნება და დანიშნულების პუნქტისკენ მიმავალ ავტოსტრადას გაუყვებოდა. გარდა ამისა, დისპეტჩერი აფრთხილებს პილოტს, რომ ვერტმფრენი ძალზე დაბლა მიფრინავს და რადარით მისი დაფიქსირება ჭირს.

ვერტმფრენში კობი ბრაიანტთან და მის 13 წლის ქალიშვილ ჯინა მარია-ონერესთან ერთად იმყოფებოდნენ პილოტი არა ზობაიანი, ჯინას თანაგუნდელი ახალგაზრდა კალათბურთელი პეიტონ ჩესტერი და მისი დედა სარა, ბეისბოლის მწვრთნელი ჯონ ალტობელი, მისი მეუღლე კერი და ქალიშვილი, ჯინას და პეიტონის თანაგუნდელი ალისა და გოგონათა გუნდის მწვრთნელის ასისტენტი კრისტინა მოუზერი.

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლეგენდარულმა კალათბურთელმა, 41 წლის კობი ბრაიანტმა პროფესიონალის კარიერა 2016 წელს, “ლეიკერსში” გატარებული 20 სეზონის შემდეგ დაასრულა. კობი ბრაიანტი 5-ჯერ – 2000, 2001, 2002, 2009 და 2010 წლებში, გახდა ნაციონალური საკალათბურთო ლიგის ჩემპიონი. კობი ბრაინტს და მის მეუღლე ვანესას 4 ქალიშვილი ჰყავდათ – ჯინა, ნატალია, ბიანკა და კაპრი. კობი ბრაიანტთან ერთად კატასტროფაში უფროსი ქალიშვილი, 13 წლის ჯინა დაიღუპა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად