კობერიძე: ცქიტიშვილის ბესელიაზე გაკეთებული განცხადება იმაზე უპასუხისმგებლო იყო, რასაც ხაზარაძეს აბრალებენ

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ უბედურებაა, როდესაც მმართველი გუნდის მხრიდან შერჩევითი სოლიდარობა ხდება.

ამის შესახებ დეპუტატმა “აიპრესთან” ისაუბრა და ამ კონტექსტში გაიხსენა მაია ცქიტიშვილის ის განცხადება, სადაც მან თქვა, რომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოძიებასთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარებით დაიღალა. მისი თქმით, არ შეიძლებოდა ამას მმართველ გუნდში აღშფოთება არ მოჰყოლოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დეპუტატი გვეუბნება, რომ მისი აზრით, ხაზარაძეზე ეს საყოველთაო აღშფოთება პიარსამსახურიდან მოსული მესიჯ-ბოქსით აიხსნება. აქვე აზუსტებს, რომ ეს გზავნილები მაშინაც მოდიოდა, როცა უმრავლესობის წევრი თავადაც იყო.

“უბედურებად მივიჩნევ იმას, რომ შერჩევით სოლიდარობას ნამდვილად აქვს ადგილი. იმიტომ, რომ ბევრ სხვა შემთხვევაში არა თუ არ დაგვინახავს ასეთი აღშფოთება, პირიქით ყოფილა განცხადებები. თუნდაც მაია ცქიტიშვილის მხრიდანაც გვახსოვს, როდესაც მან თქვა, რომ ის დაიღალა ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე კომენტარების კეთებით. ეს ჩემი აზრით, იმაზე უპასუხისმგებლო განცხადება იყო, ვიდრე ამას ხაზარაძეს აბრალებენ. ამ მომენტში არ მახსოვს, რომ მმართველ გუნდს გაეკეთებინოს განცხადება.

რაც შეეხება პრეზიდენტს, მე მგონი ეს ადამიანი აცდენილია რეალობას. მე ასე მგონია, რომ ერთიანი მესიჯ-ბოქსით იმართება ხოლმე. ქართული ოცნების პიარსამსახურიდან მოსული გზავნილებით ხდება ხოლმე მსგავსი ერთსულოვანი განცხადებები“, – ამბობს კობერიძე.

კითხვაზე, ჰგონია თუ იცის ეს და ხომ არ ხდებოდა ეს მაშინაც, როდესაც ის იყო უმრავლესობის წევრი? – პასუხობს:

„ყველამ იცოდა მმართველი პარტიის შიგნით, რომ მე არასდროს არ ვხელმძღვანელობდი მოსული მესიჯ-ბოქსებით და ყოველთვის ვხელმძღვანელობდი ჩემი პოზიციის მიხედვით.

კი, მოდიოდა მაშინაც ეს გზავნილები. ხშირ შემთხვევაში არაადეკვატური იყო ხოლმე ის მესიჯები. ახლაც მგონია აფეთქება აქედან გამომდინარეობს. გასაგებია, რომ ახლა მოჰყვა ამას აღშფოთება, მაგრამ ასეთი რამე სხვა დროს არ მოჰყოლია ხოლმე ასეთი აღშფოთებები.

მაია ცქიტიშვილმა, როდესაც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებთან დაკავშირებით თქვა, რომ დაიღალა, ამას როგორ შეიძლებოდა არ მოჰყოლოდა აღშფოთება?!” – აცხადებს ლევან კობერიძე “აიპრესთან” საუბრისას.

შეგახსენებთ, მამუკა ხაზარაძემ მაია ცქიტიშვილის მისამართით თქვა: “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა. შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ”.

ამ განცხადების გამო მამუკა ხაზარაძე მკაცრად გააკრიტიკეს და ეს განცხადება სექსისტურ განცხადებად იყო აღქმული საზოგადოების ერთი ნაწილის მხრიდან.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად