კობერიძე: ჰოსპიტალური და პირველადი ჯანდაცვის სექტორი COVID-თან ბრძოლისთვის ბოლომდე მზად არაა

პარლამენტის წევრი, ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან კობერიძე აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, ჰოსპიტალური სექტორი და პირველადი ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსთან ბრძოლისათვის ბოლომდე მზად არ არის, – ამის შესახებ დეპუტატმა “აიპრესთან” ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ, იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს მცირე მონაკვეთს.

_ უფრო მკაფიო რომ იყოს მკითხველისთვის რას გულისხმობთ, გვითხარით რა სახის პროგნოზირება უნდა გაკეთდეს?

_ უნდა იყოს ორი გეგმა – კარგი სცენარი და ცუდი სცენარი. კარგი სცენარი ინფიცირებულების რიცხვიდან დაწყებული გარდაცვლილების რაოდენობით დამთავრებული. ასე უნდა იყოს ცუდ სცენარშიც. აქვე უნდა იყოს ანალიზი გაკეთებული – რა არის ჩვენი ძლიერი მხარე ვირუსთან ბრძოლაში და რა არის სუსტი მხარე.

მაგალითად, მე რა ინფორმაციაც მაქვს, ჰოსპიტალური სექტორი ნამდვილად ვერ არის მზად და ხელისუფლება მაქსიმალურად ამიტომ ცდილობს შემზღუდავი ღონისძიებების გატარებას. შეიძლება ეს სწორიც იყოს, რადგან ჰოსპიტალური სექტორი არ არის ბოლომდე მზად თავისი დატრენინგებით და ინფექციასთან ბრძოლის თვალსაზრისით არ არის მზად. დავაზუსტებ, რომ მე არ ვსაუბრობ მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოზე, არამედ მთლიანად ჰოსპიტალურ სექტორზე.

ისევე როგორც პირველადი ჯანდაცვის სისტემა არ არის მზად ეფექტიანად გამკლავებისთვის და მთავრობა ამიტომ ცდილობს, რომ მაქსიმალური შეზღუდვები გამოიყენოს. იმიტომ, რომ არ აქვს იმის იმედი, რომ ჰოსპიტალურ და პირველადი ჯანდაცვის სისტემის მოხვედრის შემთხვევაში არ მოხდება აფეთქებები იმ სახის, როგორიც მოხდა ისე, რომ კლინიკაში ერთი დაინფიცირებული  შემთხვევის შედეგად ფაქტობრივად მთელი კლინიკა დაიხურა და კარანტინის რეჟიმში გადავიდა. თანაც ეს მოხდა რამდენიმე კლინიკაში. შედეგად ჩვენ ვხედავთ ექიმების დაინფიცირების საკმაოდ დიდ რაოდენობას.

მაგრამ, ეს არის ჩვენი მოსაზრებები. ჩვენ არ მოგვისმენია მკაფიო ანალიზი ამასთან დაკავშირებით, რომელიც იქნება ციფრებსა და რიცხვებში გამოხატული.

_ მათ შორის არც დეპუტატებს არ გაწვდიან ინფორმაციას? თუ გქონიათ მოთხოვნა, თუნდაც თქვენი კომუნიკაციის დონეზე?

_ მე არაერთხელ მოვითხოვე ეს ინფორმაცია, საჯაროდაც, პრივატულადაც, ყველანაირი ფორმით. ჩემი განცხადებები ცნობილია, რომ პარლამენტი გასულია კორონა არდადაგებზე. მე არ მოვითხოვ კომიტეტების სხდომების გამართვას მიმდინარე კანონპროექტებთან დაკავშირებით, მე მოვითხოვ იმას, რომ კომიტეტში იყოს ჯანსაღი მსჯელობა ამ ფაქტებთან დაკავშირებით.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად