კობახიძე: ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურია და შეუძლია გააკეთოს განცხადება, რომ დემარკაცია განსახორციელებელია

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფოს მეთაურია და შეუძლია დემარკაციაზე განცხადებები გააკეთოს, ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“დავით-გარეჯთან დაკავშირებით
ჩემი კომენტარი იყო ძალიან ცხადი. ორი რამე გავმიჯნე ერთმანეთისგან. ეს არის ხელისუფლების ჩართულობა ამ საკითხის მოგვარებაში და ეს არის კერძო აქტივობები.

სამწუხაროდ, ზოგიერთ თქვენს კოლეგას (ჟურნალისტს) მოუნდა, რომ ამაზე აეგო ერთგვარი მინი სკანდალი, თუ შეიძლება ამას დაერქვას. რეალურად ძალიან ცხადად ჩანდა, თუ რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში. არის საჯარო პირთა აქტივობები და არის კერძო აქტივობები. და კიდევ ერთხელ შემიძლია ეს გავიმეორო, რომ მნიშვნელოვანია საჯარო ხელისუფლების პირთა ჩართულობით გადაწყდეს ასეთი საკითხები და კერძო აქტივობები ასეთ შემთხვევაში არ არის.

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება, ქალბატონი სალომე არ არის კერძო პირი, ის წარმოადგენს ხელისუფლებას და ის არის უმაღლესი თანამდებობის პირი, ის არის სახელმწიფოს მეთაური საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და შესაბამისად, მას შეუძლია, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებების გაკეთება და მინიშნება იმის თაობაზე, რომ განსახორციელებელია დემარკაცია და დელიმიტაცია, არის აბსოლუტურად სწორი და მთავარია ეს ყველაფერი გადაწყდეს ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების ფორმატში. ამისთვის არსებობს კონკრეტული ფორმატები. არის კომისია და რა თქმა უნდა უფრო მაღალ დონეზე შეიძლება იქნეს განხილული ეს საკითხი.
ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება არის ის, რომ ჯობია საჯარო აქტივობები განხორციელდეს ამ საკითხის გარშემო და კერძო აქტივობები, ეს იქნებოდა ჩემი განცხადება, მომავალშიც არ შეუწყობს ხელს დიდად ამ საკითხის მოგვარებას. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის და მოდით, ამ რეჟიმში დავტოვოთ ეს საკითხი“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...