კობახიძე: საქართველოში შეწყალების კუთხით სხვადასხვა პრეზიდენტის დროს არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდა

“როდესაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, სასურველია, რომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია მიეწოდოს. კონკრეტულ პირთა შეწყალების თაობაზე სრული ინფორმაცია ნამდვილად არ მოგვისმენია”, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულ პირთა შეწყალების თემას.

რაც შეეხება, შეწყალებაზე მორატორიუმის ინიციატივას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება და შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია, როგორი პრაქტიკა ჩამოყალიბდება.

“სასურველია, თუ მომავალში ასეთი ინფორმაციის დეტალურად გაზიარება მოხდება. რაც შეეხება შეწყალებაზე მორატორიუმს, ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილება. პრეზიდენტს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, როდის შეიწყალებს ან არ შეიწყალებს მსჯავრდებულებს. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია, როგორი პრაქტიკა ჩამოყალიბდება. მათ შორის, მორატორიუმის გამოცხადებაც შეუძლია. ზოგადად, გარკვეული ქცევის წესები აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს.

რა სახით ჩამოყალიბდება, იქნება ეს კანონი თუ რაიმე სხვა ფორმა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. სამწუხაროდ, საქართველოში შეწყალების კუთხით სხვადასხვა პრეზიდენტის დროს არასწორი პრაქტიკა ჩამოყალიბდა. სააკაშვილის დროს დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ გააგრძელა გიორგი მარგველაშვილმა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, სტატისტიკის კუთხით სერიოზული გაუმჯობესება და დაახლოება გვაქვს ევროპულ სტანდარტებთან, თუმცა გვაქვს კითხვის ნიშნები კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით. ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ გარკვეული ქცევის კოდექსი გვაქვს ჩამოსაყალიბებელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად