კობახიძე: სააკაშვილს სურდა დარჩენა და “გამარადიულება” უკვე პრემიერის რანგში

„კანონპროექტი ადგენს უპრეცედენტო პროცედურას – შეგიძლიათ, ნახოთ ანალოგიური პროცედურები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში და იმის მეათედსაც ვერ ნახავთ, რაც არის დადგენილი ჩვენი კანონპროექტით. არის უპრეცედენტოდ ღია, გახსნილი, გამჭვირვალე, ხანგრძლივი პროცედურა და ეს ყველაფერი კეთდება შედეგისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მოუსმინეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ კანონპროექტით დადგენილ პროცედურასა და კანონპროექტის საბოლოო მიზანზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„მთავარი არის ის, რომ შედეგად მივიღოთ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი მოსამართლეები უზენაეს სასამართლოში“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თავის დროზე, უმრავლესობამ განაცხადა, რომ გაიზიარებდა ყველა იმ შენიშვნას, რომელიც იქნებოდა გამომდინარე კონსტიტუციის პრინციპებიდან  და ზოგადად, ევროსაბჭოს რეკომენდაციებიდან.

„ჩვენ აღვნიშნეთ სწორედ ეს: თუ სადმე დაადგენდა ვენეციის კომისია წინააღმდეგობას სამართლებრივ პრინციპებთან, ამ შემთხვევაში, ჩვენ გავიზიარებდით რეკომენდაციებს. თუმცა, არ არის არცერთი რეკომენდაცია, სადაც არის საუბარი იმაზე, რომ პროცედურის ესა თუ ის ასპექტი ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს. უფრო მეტიც, ეს პროცედურა არის სრულ შესაბამისობაში და არა მარტო სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან, არამედ, ადგენს იმაზე ათჯერ და ასჯერ მაღალ სტანდარტს, ვიდრე არის დადგენილი ევროკავშირის ქვეყნებშიც კი და ამასთან დაკავშირებით შეიძლება ძალიან ხმამაღალი განცხადებების გაკეთება“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის მიდგომაზეც და აღნიშნა, რომ  გარკვეული ფორმით, კომისიის დასკვნებში პოლიტიკური რეკომენდაციების გაწერა შესაძლებელია, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიას ყოველთვის განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

„როდესაც ჩვენ  მათთან გვქონდა კონსულტაციები 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების დროს, პარლამენტის ჩართულობასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში  ვენეციის კომისიას ჰქონდა ძალიან მკაცრი პოზიცია. ავუხსენი სიტუაცია, კონტექსტი და ისინი დამეთანხმნენ შეფასებებში და მითხრეს, რომ კი, ამ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა, იყოს მიზანშეწონილი პარლამენტის ჩართვა მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველსაყოფად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში. ეს იყო მარკერტის განცხადება,  ბუკიკიოსთან ერთად გვქონდა შეხვედრა. მარკერტმა განაცხადა, რომ ვენეციის კომისია შექმნილია სამართლებრივი ექსპერტიზისთვის და შესაბამისად, ისინი ვერ ითვალისწინებენ პოლიტიკურ კონტექსტს შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენისას. ამიტომ გამოვთქვით გაკვირვება, როდესაც ვნახეთ, რომ კონტექსტის მიხედვით, იყო აცდენილი ის რეკომენდაციები, რომლებიც წარმოგვიდგინა ვენეციის კომისიამ, მის რამდენიმე წლის წინანდელ რეკომენდაციებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განმარტებით, სამართლებრივი პრინციპები არ იცვლება 5 წელიწადში, თუმცა, 5 წლის თავზე, ვენეციის კომისიამ ფარულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, სრულიად განსხვავებული რეკომენდაციები წარმოადგინა. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიას სამართლებრივ პრინციპებთან არავითარი წინააღმდეგობა არ დაუდგენია.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ გაიხსენა 2010 წელს ქვეყანაში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის პროცესიც და ოპოზიციის მოთხოვნა ვენეციის კომისიის მიმართ, რომ პუტინიზაციის თაობაზე ჩანაწერი გაკეთებულიყო.

„გახსოვთ, რა იყო ამ რეფორმის კონტექსტი – სააკაშვილს სურდა დარჩენა და „გამარადიულება“ უკვე  პრემიერის რანგში, თუმცა, ვენეციის კომისიამ მაშინაც განაცხადა, რომ პოლიტიკური კონტექსტი არ იყო მისთვის მნიშვნელოვანი, მისი ფუნქცია იყო სამართლებრივი ექსპერტიზის წარდგენა. ვენეციის კომისიის არგუმენტი იყო ის, რომ  იყო სამართლებრივი ექსპერტიზის ორგანო“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...