კობახიძე: ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის საერთაშორისო სანქციების პაკეტში შესასვლელად აქტივობები მიმდინარეობს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპონენტების განცხადებას გამოეხმაურა,თითქოს ხელისუფლებამ არ იაქტიურა, რათა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია საერთაშორისო სანქციების პაკეტში შესულიყო.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიმდინარეობს კონკრეტული აქტივობები და შესაბამისი მხარდაჭერა უკვე დააფიქსირა ლიეტუვამ.

„ასევე, გვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან ძალიან კონკრეტული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშესახები იყოს მათი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ვაქტიურობთ მაქსიმალურად. ამ აქტიურობაში არის ჩართული როგორც უმრავლესობა, ასევე ოპოზიცია, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატებში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ყველა მხარეს საერთო მიზნების მისაღწევად, საერთაშორისო დონეზე ერთობლივი აქტიურობისკენ მოუწოდებს.

“ნაცვლად ასეთი არასწორი განცხადებებისა, იაქტიურონ საერთაშორისო დონეზე იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიოთ შესაბამის მიზნებს. ჩვენ გვაქვს საერთო მიზანი, ამიტომ დამტკიცდა სწორედ ორპარტიული სახით შესაბამისი რეზოლუცია, არა მარტო ეს რეზოლუცია, არამედ საგარეო პრიორიტეტების შესახებ რეზოლუცია, რომ ვთანხმდებით ჩვენს საერთო ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით და ნაცვლად ასეთი საუბრისა, ალბათ, ჯობია, რომ ყველამ ყურადღება გავამახვილოთ და აქცენტი გავაკეთოთ ჩვენს ერთობლივ აქტივობებზე და თანამშრომლობაზე საერთაშორისო პარტნიორებთან და იმედი გვაქვს, რომ ასე გაგრძელდება პროცესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...