კობახიძე ოპოზიციაზე: ეს პოლიტიკური ძალა ყველა განშტოებით არის “ანტიევროპული საქართველო”

“ამ დღეებში, ოპოზიციამ კიდევ ერთხელ გამოავლინა საკუთარი სახე და ის, რომ ისინი მზად არიან, საკუთარი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებისათვის, ევროინტეგრაციისთვისაც კი სცადონ დაბრკოლების შექმნა. ეს არის მათი სახე. ძალიან კარგად ამართლებს ამ პოლიტიკური პარტიის ერთერთი დანაყოფი საკუთარ სახელს. ეს პოლიტიკური ძალა ყველა განშტოებით არის “ანტიევროპული საქართველო” და ეს სახელი ნამდვილად დაიმსახურეს. გავიმეორებ, რომ მათ არაფერი გამოუვათ. მათი მცდელობა, რომ შეფერხდეს საქართველოს წინსვლა ევროინტეგრაციის კუთხით, არის განწირული წარუმატებლობისთვის. საქართველო საბოლოო ჯამში, აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა და ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკით აუცილებლად შესრულდება ყველა ვალდებულება.”

ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წარმოადგინა მოკლე ანგრიში გასულ კვირას, სტრასბურგში, ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით, სადაც საქართველკოსთან დაკავშირებული დეკლარაცია ჩავარდა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროპარლამენტარები აღნიშნავენ იმ პროგრესს, რომელიც აქვს საქართველოს ევროინტეგრაციის კუთხით და  საქართველო კვლავაც რჩება ლიდერად, მოწინავე ქვეყნად ამ თვალსაზრისით და საქართველო ასრულებს ყველა ვალდებულებას, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი ურთიერთობიდან ევროკავშირთან, მათ შორის, ასოცირების შეთანხმებიდან.

“ეს პროგრესი იყო ასახული დეკლარაციის პროექტში, რომელიც თანათავმჯდომარესთან, ესტონელ ევროპარლამენტართან ერთად მომზადდა. მოგეხსენებათ, ოპოზიციას ჰქონდა მთელი რიგი მცდელობები, რომ ცვლილებები შეეტანა დოკუმენტში, იყო დოკუმენტის პოლიტიზების მცდელობა და იყო მცდელობა იმისა, რომ არასწორი ინფორმაცია ასახლიყო ამ დოკუმენტში. საბოლოო ჯამში, ასოცირების კომიტეტმა ჩააგდო ოპოზიციის მიერ ინიცირებული ცვლილებები, რისთვისაც მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ დელეგაციას, რომელიც იქ იყო წარმოდგენილი, ასევე მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობარ ევროპარლამენტარებს, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი შესაბამის ცვლილებებს. საბოლოო ჯამში, ჩვენმა ოპონენტებმა ნაცმოძრაობის და ანტიევროპული საქართველოდან, ყველაფერი გააკეთეს, რომ დეკლარაცია არ დამტკიცებულიყო. შეგახსენებთ, რომ ეს პოლიტიკური დოკუმენტი არ არის, მასში არის ასახული პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. ასახულია ვალდებულებების შესრულების თაობაზე ინფორმაცია. ამ ფონზე განსაკუთრებით გასაოცარი იყო მათი სიხარული, რომელიც გამოხატეს ამ დოკუმენტის არდამტკიცებასთან დაკავშირებით. გვახსოვს, თავის დროზე, როგორ დარბოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები კაბინეტებში იმისათვის, რომ საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ეს არის მათი ანტისახელმწიფოებრივი მიდგომის კიდევ ერთი გამოხატულება, თუმცა, იცით, რომ მაშინაც ჩავარდა მათი მცდელობა, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაცია არ მიეღოთ, რაც არის მიღწევა, რომლითაც სარგებლობს ასიათასობით საქართველოს მოქალაქე და დღესაც მათი მცდელობა იქნება წარუმატებელი. ბუნებრივია, ამ დოკუმენტის არმიღება “ქართული ოცნებისთვის” პრობლემა არ არის, ეს არ იყო პარტიული დოკუმენტი და არც სახელმწიფოსთვის არ შექმნის პრობლემას. საქართველო გააგრძელებს წინსვლას ევროინტეგრაციის კუთხით და საქართველო დარჩება ლიდერად ევროინტეგრაციის თვალსაზრისით”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად