როცა პოლარიზაციის მთავარი გამღვივებელი გარეთ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლარიზაციის გაღვივების რისკები იზრდება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ასეთ სენსიტიურ საქმეზე მსჯავრდადებულს იწყალებს, ამ სისხლის სამართლის საქმეზე მინიმუმ განმარტება მაინც უნდა გაეკეთებინა.

პრეზიდენტის პრესკონფერენციის შეფასებისას კობახიძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტების კითხვებს გაურბოდა.

„სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენციისთვის არ მიყურებია, თუმცა არა იმიტომ, არ ვაპირებდი, დრო არ იყო და გარკვეული პასაჟები ვიცი. ვინც უყურა, მათი შთაბეჭდილება იყო, რომ პრეზიდენტი კითხვებს გაურბოდა. ბევრ კითხვას საერთოდ არ უპასუხა, რაც სამწუხაროა, რადგან როცა პრეზიდენტი თავად იწვევს პრესკონფერენციას, მან ჟურნალისტების მიმართ საკმარისი პატივისცემა უნდა გამოავლინოს და კითხვებს სათანადოდ უნდა უპასუხოს.

რაც შეეხება პოლარიზაციას, გახსოვთ, რომ ამ ქვეყანაში გვარამია იყო მთავარი პოლარიზატორი, ვინც პოლარიზაციას აღვივებდა – პირდაპირ ეთერში ბილწსიტყვაობდა და ათას უბედურებას ამბობდა. როცა პოლარიზაციის მთავარი გამღვივებელი გარეთ გამოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ პოლარიზაციის გაღვივების რისკები იზრდება. მაინც და მაინც დიდი წარმოდგენა არ მაქვს, რომ გვარამიას პოლიტიკაში განსაკუთრებული ძვრების გამოწვევა შეუძლია, მაგრამ თავის პატარა წვლილს შეიტანს. როცა ასეთ პირობებში პრეზიდენტს შეფასებაც არ გაუკეთებია გვარამიას დანაშაულზე და მას იწყალებს, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად ნიშნავს პოლარიზაციის მხარდაჭერას.

როცა სალომე ზურაბიშვილი ასეთ სენსიტიურ საქმეზე მსჯავრდადებულს იწყალებს, მას მინიმუმ განმარტება უნდა გაეკეთებინა ამ სისხლის სამართლის საქმეზე, ან უნდა ეთქვა, რომ შეიძლება მისი აზრია, რომ გვარამია არასათანადოდ იყო მსჯავრდადებული და ეს უნდა განემარტა. უნდა ეთქვა, მსჯავრი იყო სწორად შეფარდებული თუ არ იყო. როცა ამას არ აკეთებ და იწყალებ პოლიტიკური მოთხოვნების საფუძველზე მსჯავრდადებულს, ეს პოლარიზაციის გაღვივებას და მის ხელშეწყობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის გადადგმა ვინც დაავალა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღრმავება და უახლოეს დღეებში ვნახავთ, რომ გვარამია პოლარიზაციის გაღრმავებაში თავის წვლილს შეიტანს. მისი ერთადერთი იარაღია – ბილწსიტყვაობა. იმას დაიწყებს, რასაც მანამდე აკეთებდა. ერთადერთი წელი, როცა არ ბილწსიტყვაობდა, ციხეში იყო. ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია, ბილწსიტყვაობაა ის, რასაც ხალხი გვარამიასგან ისმენდა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.