კობახიძე: “ნაციონალური მოძრაობისთვის” 43% შეიძლება საოცნებო გახდეს, რაც ზუგდიდში მიიღეს

“რეიტინგებში მიხეილ სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი, „ნაციონალური მოძრაობა” რღვევის პირასაა და მათთვის შეიძლება ის 43% საოცნებო გახდეს, რაც ზუგდიდში მიიღეს” , – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის​(NDI-ის) პოლიტიკოსების რეიტინგებს და ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, რომ შუალედურ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს პასუხი ძალიან მკაფიოდ გაეცა.

“ჯერ სააკაშვილის მესამე ადგილი არის ზღაპარი, ეს ამ არჩევნებში ძალიან კარგად იხილეთ. ამ არჩევნებში მიხეილ სააკაშვილს პასუხი ძალიან მკაფიოდ გაეცა. მისი მეუღლე არჩევნებში, ზუგდიდში მონაწილეობდა და „ნაციონალური მოძრაობისა” და მიხეილ სააკაშვილის მიმართ მოსახლეობის განწყობა დაფიქსირდა. ეს ზუგდიდი იყო, სადაც მათი ვითარება ბევრად უკეთესია, ვიდრე საშუალო მდგომარეობა. შესაბამისად, ამ თვალსაზრისით 43% გასაკვირი არ იყო. ვხედავთ, რომ ეს პარტია რღვევის პირას არის და მათთვის ის 43% შეიძლება საოცნებო გახდეს, რაც ზუგდიდში მიიღეს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მესამე ადგილზეა. მის მიმართ გამოკითხულთა 31%-ს დადებითი დამოკიდებულება აქვს, ხოლო უარყოფითი 32%-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...