კობახიძე: მუშაობა საჭიროა იმისათვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს შეწყალების სტანდარტი

“პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ შეწყალების პრაქტიკა არსებითად და ფუნდამენტურად დასახვეწია.”- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებაზე საუბრისას განუცხადა.

„ჩვენ, მუდმივად გვქონდა საუბარი იმაზე, რომ აბსოლუტურად აცდენილი იყო წინა პრეზიდენტის შეწყალების კუთხით სტატისტიკა ევროპულ სტანდარტებს. აქ გვაქვს გარკვეული დაახლოვება, თუმცა ზოგადად, დამატებით არის საჭირო ის, რომ დაიხვეწოს შეწყალების პრაქტიკა. აქ გაგვიჭირდება რაიმე მკაცრი რეგულაციების დაწესება, თუმცა რეგულაციებზეც შეიძლება ფიქრი. მთავარია, რომ პრეზიდენტებმა ჩამოაყალიბონ ისეთი პრაქტიკა, რომლიც ყველაზე მეტად შეესაბამება შეწყალების იურიდიულ არსს”,- განაცხადა კობახიძემ.

დასმულ შეკითხვაზე, რატომ არ აკეთებს პრეზიდენტი განმარტებებს შეწყალებებზე, ან პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განმარტებები გააკეთა.

“თუ არ ვცდები, ერთი კვირის წინა გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო განცხადება შეწყალებასთან დაკავშირებით. მათ შორის, მან სათანადო კომენტარი გააკეთა კონკრეტულ ფაქტთან მიმართებით, რომელზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ უფლებამოსილების ჩარჩოებში მოქცევაა საჭირო. ამაზე ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. მთავარია, რომ სწორი ჩარჩო განისაზღვროს ამ უფლებამოსილების განხორციელებისათვის. ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მოიხსნება ყველანაირი კითხვები და სპეკულაციების საფუძველი შეწყალების უფლებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ არის მუშაობა საჭირო იმისათვის, რომ სწორად ჩამოყალიბდეს შეწყალების სტანდარტი პრინციპების შესაბამისად, რომელიც ჩამოყალიბებულია ევროპაში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

არსებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

ცნობისთვის: 2018 წლის 29 მარტს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ასლან ბეჟანიძეს განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, 27 აგვისტოს, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად