კობახიძე: კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით „ნაცმოძრაობას“ გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. “ნაციონალურ მოძრაობას”, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე – ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მით უმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა.

ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად.

სწორედ ასეთ, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებულ არჩევნებში “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს და ქართველ ხალხთან ერთად, განაგრძობს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად