კობახიძე: გვაქვს დიდი იმედი, რომ ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად მოგვარდება და კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს არჩევნების ჩატარების თარიღი

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ თუ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული პრობლემა ზაფხულში სრულად მოგვარდა, ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპანია ჩვეულებრივად წარიმართება.

ირაკლი კობახიძემ ასევე განმარტა კონსტიტუციის გათვალისწინებით, თუ რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი არჩევნების თარიღის შეცვლა.

„დიდი იმედი გვაქვს, პრობლემა მთლიანად იქნება მოგვარებული. დაუშვათ, თუ საჭირო გახდება საგანგებო მდგომარეობა, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა სრულდება, იქიდან 60 დღეში არჩევნები ტარდება. ეს ყველაფერი კონსტიტუციითაა გაწერილი. ვფიქრობთ, საქმე აქამდე არ მივა. წესით, ამ გზით წასვლა არ უნდა დაგვჭირდეს. ალბათ, მსოფლიოსა და საქართველოში არსებობს რესურსი, რომ ზაფხულისთვის პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრას.

ვინაიდან, თეორიულ ჭრილში კითხვები ისმევა, ვალდებული ვართ, ვუპასუხოთ, თუ როგორია კონსტიტუციური ჩარჩო. ჩვენ გვაქვს დიდი იმედი, რომ ზაფხულისთვის ეს პრობლემა მთლიანად მოგვარდება და არავითარი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს არჩევნების ჩატარების თარიღი.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, მგონი, შეფერხება არ გვექნება. ყველაზე მოკლე ვადა ვიანგარიშეთ, რომელშიც შესაძლებელია კანონმდებლობის სრული დაცვით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ეს არის ერთი თვე და რვა დღე. შესაბამისად, პირობითად რამდენიმე კვირის განმავლობაში რომც გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა, ეს შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას ვერ შეაფერხებს. ვადები ამისთვის საკმარისია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად