კობახიძე: გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც მოსამართლეთა არჩევის პროცედურებსა და კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს შეხვდა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ისაუბრეს, როგორ უნდა გაგრძელდეს მოსამართლეთა არჩევის პროცესი.

“ჩვენ აღვნიშნეთ, რომ უნდა შემუშავდეს პროცედურა, კრიტერიუმები და ამის საფუძველზე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი.
მთავარია, როგორ წარიმართება თავად პროცედურისა და კრიტერიუმების გაწერის პროცესი, ამასთან დაკავშირებითაც გვქონდა ჩვენ მსჯელობა, ვფიქრობთ საუკეთესო ფორმატი ამისათვის არის სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი, ეს ჯგუფი დიდი ხანია შექმნილია, გასული წლის განმავლობაში ამ ჯგუფის მუშაობას წარვმართავდი მე, აქ ხელისუფლების სამივე შტოა წარმოდგენილი, მათ შორის პარლამენტის წევრები, მთავრობა იუსტიციის სამინისტროს სახით, სასამართლო ხელისუფლება, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი. წარმოდგენილები არიან საერთაშორისო პარტნიორები, ექსპერტები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი არის საუკეთესო ფორმატი, სადაც შესაძლებელია მსჯელობა მოსამართლეების არჩევის პროცედურაზე, კრიტერიუმებზე.

კობახიძის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ჩაინიშნება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც ამ საკითხზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...