კობახიძე: ევროსაბჭოში საქართველოს, ბალტიისპირეთისა და უკრაინის დელეგაციები, რუსეთის აღიარების საკითხის გადახედვას მოითხოვენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე რუსეთის დელეგაციის აღიარების საკითხის დაყენებას გეგმავს.

ამის შესახებ დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ და დღეს, გაიმართა აქტიური კონსულტაციები ბალტიისპირეთის ქვეყნების, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან.

“ჩვენი გეგმა არის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკითხი დღეს პლენარულ სესიაზე გამოდის და სესიის ფორმატში ჩვენ ერთად დავაყენებთ სამ საკითხს”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, რამდენად რეალურია შანსები, რომ აღნიშული გზავნილი იქნას დაკმაყოფილებული, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ მნიშვნელოვნია დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად.

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ინიციატივა იქნება წარმატებული. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული, თუმცა, რაც მთავარია, ეს პროცედურა უნდა დაიწყოს. კონსულტაციების შეთანხმების საფუძველზე განცხადება გაკეთდება ერთ მხრივ ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან, ასევე ჩემს მიერ, ქართული დელეგაციის მიერ. ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ. შესაბამისი გზავნილი მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს და მეგობრებს”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ევროპის საბჭოს სესიაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მთავარი გზავნილი დაკავშირებულია ქვეყნის უმთავრეს ეროვნულ ინტერესებთან. ესენია: რეგიონების ოკუპაცია, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად