A1 ბანერი

კობახიძე ბესელიას შესაძლო გარიცხვაზე: ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ როგორ გაგრძელდება პროცესები

“მე კონკრეტულ დეპუტატებთან პოლემიკაში ვერ შევალ. ეს არ არის ჩემი ფუნქცია და მისია”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომლის თანამხადაც ეკა ბესელია “ორშაბათს მოჰფენს ყველაფერს ნათელს”.

კობახიძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ეკა ბესელიას აღნიშნული თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ ზაფხულში იყო გადაწყვეტილი და ეს უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების საკითხს არ უკავშირდებოდა.

“რაც შეეხება ნათელის მოფენას, არსებობს ობიექტური სინამდვილე და ამაზე ჩვენ ყველას შეგვიძლია საუბარი. სინამდვილე მდგომარეობს იმაში, რომ გადაწყვეტილება მიღებული იყო ჯერ კიდევ ზაფხულში. ეს არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდებოდა სასამართლოს თემას, მითუმეტეს მოსამართლეების არჩევას და შერჩევას. ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტიდან წასვლის თაობაზე გადაწყვეტილება სულ სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული. სამწუხაროდ ამას არასწორი სარჩული დაედო”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, უნდა დარჩეს თუ არა ეკა ბესელია გუნდში, ირაკლი კობახიძე პასუხობს: “ჩვენთვის მთავარია გუნდურობის პრინციპის დაცვა, უამრავ დეპუტატს ჰქონდა სხვადასხვა პოზიცია სასამართლოს საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ვადებთან დაკავშირებით, სიასთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ დამდგარა მათი სანქცირების თუ რაიმე სხვა გადაწყვეტილების მიღების საკითხი. ჩვენ პატივს ვცემთ აზრთა სხვადასხვაობას გუნდში. აზრთა სხვადასხვაობა ბუნებრივია ვერ გახდება გარკვეული სანქციის საფუძველი, თუ რაიმე სხვა მსგავსი მიდგომის გამოვლენის საფუძველი შეიძლება დღის წესრიგში დადგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე დეპუტატი არღვევს გუნდურობის პრინციპს. ეს პრინციპი სამწუხაროდ არაერთგზის დაირღვა, ამ დღეების განმავლობაში. შევხედავთ, ჩვენ არ ვჩქარობთ, ვნახოთ, როგორ გაგრძელდება პროცესები, მე დიდი იმედი მაქვს, ყველა დეპუტატი, რომელიც წარმოდგენილია საპარლამენტო უმრავლესობაში, დაიცავს ამ პრინციპს და იმოქმედებს გუნდის ინტერესების შესაბამისად.

განსხვავებულ მოსაზრებებს პატივს ვცემთ, თუმცა მნიშვნელოვანია დაცული იყოს გუნდურობის პრინციპი. მნიშვნელოვანია, არასწორი ინფორმაცია არ მივაწოდოთ საზოგადოებას გარკვეულ პროცესებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ არაერთი ტყუილი მოვისმინეთ კონკრეტული დეპუტატების მხრიდან, სხვადასხვა მიმართულებით, ეს ძალიან სამწუხაროა და იმედი მაქვს ასე არ გაგრძელდება ეს პროცესი”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...