კობახიძე: არჩევნებამდე რჩება 3 დღე და ყველასთვის ცხადია, „ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს

არჩევნებამდე რჩება სამი დღე და ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად მოიგებს საპარლამენტო არჩევნებს. ამას ადასტურებს ყველა გაუყალბებელი კვლევის მონაცემი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ამ ფონზე, აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას არჩევნებში წარმატების ყოველგვარი იმედი აქვს დაკარგული და აქვს ერთადერთი საზრუნავი, თუ როგორ შეუძლიათ ჩრდილი მიაყენონ კარს მომდგარ არჩევნებს.

გუშინ ჩვენ ვამხილეთ რადიკალური ოპოზიციის ყალბი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომელთა რეალური ამოცანა სწორედ არჩევნების შედეგებისადმი თუნდაც მინიმალური უნდობლობის გაჩენაა. ბუნებრივია, მათი ამგვარი მცდელობა წარუმატებლობისთვისაა განწირული, რასაც გუშინდელი მხილებაც შეუწყობს ხელს.

გარდა ამისა, გასული კვირების მანძილზე საზოგადოება გახდა იმის მომსწრე, თუ როგორ აწყობდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მძიმე პროვოკაციებს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა ჩვენი და სამართალდამცავი ორგანოების აქტიური ძალისხმევით მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება გახდა შესაძლებელი.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებსა და მხარდამჭერებს, არ აყვნენ რადიკალური ოპოზიციის პროვოკაციებს და ამით, ხელი არ შეუწყონ მათი დესტრუქციული მიზნების მიღწევას.

რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ზრახვებზე მეტყველებს მათ მიერ გაყალბებულ კვლევებში დასმული აქცენტები და ამ კვლევების პროპაგანდირების ფორმებიც. საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ რადიკალური ოპოზიცია კვლევებს არა საზოგადოების განწყობების შესასწავლად, არამედ საზოგადოების განწყობებზე ზემოქმედების ინსტრუმენტად იყენებს, თუმცა მათი ამგვარი მცდელობებიც წარუმატებლობისთვის არის განწირული”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად