კობახიძე: 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი საარჩევნო ცვლილებას, ალბათ, კანონპროექტი ჩავარდება

30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი საარჩევნო ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ კენჭისყრის დღეს გამართვა კანონპროექტის რისკის ქვეშ დაყენება იქნებოდა.

ირაკლი კობახიძეს იმედი აქვს, რომ უმრავლესობის ფორმატში კიდევ ერთი სხდომის გამართვის შემთხვევაში, უმრავლესობის წევრ მაჟორიტარ დეპუტატებს პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაში დაარწმუნებენ.

მისი თქმით, ბოლო ვადა კანონპროექტის კენჭისყრისთვის ხვალ არის.

„ რისკის ქვეშ დაყენება არ იქნებოდა სწორი. აქედან გამომდინარე, უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ჩვენ გვექნება შეკრების საშუალება და იმედია, რომ მეტი დრო გვექნება განხილვისთვის. დღეს 10 საათზე შევიკრიბეთ და 11 საათამდე უნდა დაგვესრულებინა გასაგები მიზეზის გამო. იმედი გვაქვს, რომ ან დღეს საღამოს ან ხვალ დილით უფრო ადრე შევიკრიბებით და მეტი დრო გვექნება იმისთვის, რომ ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ ამ გადაწყვეტილების სისწორეში.

დღეს განხილვაში პრაქტიკულად ვერ შევედით, დრო სულ ერთი საათი გვქონდა. ჩვენ ვიცოდით, რომ რამდენიმე დეპუტატი იყო წინააღმდეგი. რამდენიმე დეპუტატი ვერ შექმნიდა ჯამში ჩაგდების წინაპირობას. სადღაც 30-მა დეპუტატმა რომ არ დაუჭიროს მხარი, დიდი ალბათობაა, რომ ჩავარდეს საკითხი. ვფიქრობ, ხვალ არის ბოლო ვადა, როდესაც კენჭისყრა აუცილებლად უნდა შედგეს,“ – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად