კობა დავითაშვილი სასტიკად ცემეს ადეიშვილის და მისი მოადგილის დავალებით – კობა დავითაშვილის საქმე

“ჩემი მკვლელობის მცდელობა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ის კაცი მკვდარი მგონია, როგორც საშიში მოწმე, მოკლეს მაშინვე. ის გააქრეს იმ დღესვე, როცა იმჟამინდელი ხელისუფლების მამხილებელი ჩვენება მისცა პოლიციას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კობა დავითაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კობა დავითაშვილი გარდაიცვალა, მისი ცემის საქმე კი ერთ-ერთი გახმაურებული იყო იმ მრავალ საქმეთა შორის, სადაც ყოფილი ხელისუფლების და მისი მაღალჩინოსნების ბრალეულობა დადგინდა.

კობა დავითაშვილი: “ჩემი მკვლელობის მცდელობა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან“

“ეს არის 2006 წლის 7 ივნისის თავდასხმის საქმე, როცა სახეზე მკვლელობის მცდელობა იყო. ეზოში მკვლელი მომიგზავნეს და ამ თემით ძალიან აქტიურად სპეკულირებდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რასაც დღესაც აგრძელებს. ცოტა ხნის წინ, მან განაცხადა, რომ რუსეთმა, პუტინმა და „ფეესბემ“ და მოამზადა კობა დავითაშვილზე თავდასხმა. დღეს ჩემი ვერსიის დამადასტურებელი ინფორმაცია მოვისმინე მეორე მხარის ადვოკატისგან. ჩემთვის ეს ფაქტი დღემდე უცნობი იყო.

თურმე, მკვლელმა კურტაევმა 2006 წლის 7 ივნისს, საქართველოს პოლიციას, როგორც დაზარალებულმა მიმართა და თქვა, რომ ჩემი მეზობლები მას თავს დაესხნენ. ამ ადამიანმა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლების მფარველობის იმედით, ოფიციალურად პოლიციას მიმართა, რაც ჩემთვის ახალი გარემოებაა. ეს ადამიანი, რომელიც დაზარალებულად წარმოადგენდა თავს, იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გაუშვა, ეს კაცი კი არ იმალებოდა, პოლიციაში მივიდა და თქვა, რომ თავს აქეთ დამესხნენო. ეს ადასტურებს, რომ მკვლელობის მცდელობა დაგეგმილი და ორგანიზებული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.

ის მკვდარი მგონია, როგორც საშიში მოწმე, მოკლეს მაშინვე. ეს ადამიანი გააქრეს იმ დღესვე, როცა იმჟამინდელი ხელისუფლების მამხილებელი ჩვენება მისცა პოლიციას. მაშინ აგვიხსნას, მაშინდელმა შს მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, როგორ შეიძლება კაცი, რომელიც პოლიციაში გამოცხადდა, როგორც მკვლელობის მომამზადებელი, რატომ გაუშვა პოლიციიდან?“, – აცხადებდა კობა დავითაშვილი..

პროკურატურა: კობა დავითაშვილი სასტიკად ცემეს ზურაბ ადეიშვილის და მისი მოადგილის დავალებით 

“ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ კობა დავითაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ნაცემ მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა განხორციელდა სპეცდანიშნულების რაზმის წევრების მიერ, საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის დავით ქარსელაძის დანაშაულებრივი გეგმითა და ორგანიზებით”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში 2016 წელს.

2007 წლის ნოემბერში თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობდა ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციები.

“საქართველოს იმჟამინდელმა გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა თავისთან კაბინეტში დაიბარა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილე დავით ქარსელაძე და დაავალა, რომ მისდამი დაქვემდებარებულ სპეცდანიშნულების რაზმსა და ოპერატიულ დანაყოფებს  გაეკონტროლებინათ ისეთი ხალხმრავალი ადგილები, როგორიც იყო ე.წ. „ელიავას“, „ვაგზლის“ და „ლილოს“ ბაზრობები  და  ადგილზე ოპოზიციის ლიდერების გამოჩენისთანავე  აღეკვეთათ მათი მხრიდან ბაზრობის ტერიტორიაზე აგიტაციისა და მიტინგზე წასასვლელად ხალხის მობილიზების ფაქტები.

ზურაბ ადეიშვილისგან მიღებული დავალების შესაბამისად, დავით ქარსელაძემ, 2007 წლის 07 ნოემბერს, დილის საათებიდან შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ,,ელიავას ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაანაწილა, სადაც მალევე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი კობა დავითაშვილი მხარდამჭერებთან ერთად ელექტროგენერატორის შესაძენად მივიდა, რომელიც აქციის ორგანიზებისთვის ესაჭიროებოდათ”, – აცხადებენ პროკურატურაში.

გამოძიების ცნობით, მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა კობა დავითაშვილი შენიშნეს, შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სპეცრაზმის უფროსმა ედიშერ კობახიძემ ამის შესახებ დავით ქარსელაძეს აცნობა, რომელიც თავის მხრივ შემდგომი მითითების მისაღებად ზურაბ ადეიშვილს დაუკავშირდა, რომლისგანაც მიიღო დავალება, რომ  თავისუფლება აღეკვეთათ კობა დავითაშვილისთვის  და გადაეყვანათ საგამოძიებო სამსახურის შენობაში.

ყოფილი სპეცრაზმელი: მეთაურმა გვითხრა, შუშებიან შენობაში არის დავითაშვილი და გამოიყვანეთო.

“2007 წლის 7 ნოემბერს სამსახურში მივედით. მეთაურმა გვითხრა, რომ უნდა შევსულიყავით ელიავას ბაზრობაზე. მეთაური ედიშერ კობახიძე იყო. ჩავჯექით მანქანაში, მივედით ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე. მანქანაში ვისხედით და ველოდებოდით შემდგომ მითითებებს. მოვიდა მეთაური. წინ მიდიოდა და ჩვენ მივყვებოდით​. შევედით ბაზრობაზე, გვითხრა – შუშებიან შენობაში არის დავითაშვილი და გამოიყვანეთო. შევედით, გამოყვანა გვინდოდა, მაგრამ წინააღმდეგობას წავაწყდით, ხალხი არ გვატანდა. ძლივს გამოვიყვანეთ, მიკროავტობუსში ჩავსვით და წავედით გორის მიმართულებით. კობა დავითაშვილს სისხლი სდიოდა თავის არედან. მანქანაში რომ ვისხედით, მეთაური ლაპარაკობდა ტელეფონზე და მისი მითითებით მივდიოდით. გორში შევიყვანეთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ერთ-ერთმასპეცრაზმელმა სასამართლოზე.

“ამ დავალების შესაბამისად,  ედიშერ კობახიძემ მის დაქვემდებარებაში მყოფ  სპეცრაზმელებთან  ერთად ძალადობის გამოყენებით კობა დავითაშვილი იძულებით  ჩასვა იქვე მდგარ თეთრი ფერის ,,ფორდის“ მარკის ავტომობილში, რის შემდეგაც გაერიდნენ ბაზრობის ტერიტორიას. ვინაიდან კობა დავითაშვილს თავისუფლების აღკვეთისას თავის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანებები და მოსდიოდა სისხლი, ედიშერ კობახიძე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა კვლავ დავით ქარსელაძეს, რომლის დავალებითაც გატაცებული და ნაცემი კობა დავითაშვილი, ნაცვლად საგამოძიებო სამსახურისა, გადაიყვანეს  გორის ჰოსპიტალში, სადაც იგი მოთავსებული იყო მომდევნო დღის 08 საათამდე”, – აცხადებენ პროკურატურაში.

აღნიშნულ საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ზურაბ ადეიშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ქარსელაძე და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი უფროსი ედიშერ კობახიძე.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  25, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად