კლიმკინი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტიანობის გასაღები ჩვენი პარტნიორების სოლიდარობაა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პაველ კლიმკინმა შეერთებულ შტატებსა და კანადას მადლობა გადაუხადა, რომელთაც ექვსი ადამიანისა და რვა რუსული ორგანიზაციის წინააღმდეგ 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში უკრაინულ გემებზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

“რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების ეფექტურობის გასაღები ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორების სოლიდარობა და ერთიანობაა”, – წერს კლიმკინი მიკრობლოგ Twitter- ზე.

მისი თქმით, ცივილიზებულმა სამყარომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და საერთაშორისო სამართლის დარღვევა შეუმჩნეველი არ დარჩება.

15 მარტს, ევროკავშირის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსების წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების ე.წ შავ სიაში 8 პირი მოხვდა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე ბუქსირი “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...