კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეებისა და ამ ცვლილებისადმი ადაპტაციის მიზნით საქართველოში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ყვარელში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და UNDP-ის ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი ესწრებოდნენ.

გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მოწვეულმა ექსპერტებმა კლიმატური კატასტროფების მართვასა და ადრეული შეტყობინების სისტემების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ამ სფეროში საერთაშორისო პრაქტიკასა და საქართველოში აღნიშნული მექანიზმების დანერგვისთვის აუცილებელ ნაბიჯებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ ადაპტაციასთან დაკავშირებული ზომების გატარება მნიშვნელოვნად შეამცირებს ზარალს და ხელს შეუწყობს მაღალი რისკის ზონებში მცხოვრებთა უსაფრთხოებას.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოს მთავრობა კლიმატის ცვლილებებისადმი ადაპტაციის მიმართულებით მნიშვნელოვან ღონისძიებებს და რეფორმებს ატარებს, მათ შორის, საკანონმდებლო დონეზე.

2019 წლიდან, საქართველოში ხორციელდება ფართომასშტაბიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის დაცვას კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან. ამ შვიდწლიანი პროგრამის შესრულების შედეგად, გაიზრდება მოსახლეობის მედეგობა კლიმატური საფრთხეების მიმართ, შემცირდება კლიმატური კატასტროფების ზეგავლენა ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე, ხოლო 1.7 მილიონი ადამიანი უკეთ იქნება დაცული წყალდიდობისგან, წყალმოვარდნისგან, გვალვისა და სხვა კლიმატური საფრთხისგან. შვიდწლიანი ინიციატივა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და შვედეთისა და საქართველოს მთავრობების დაფინანსებით. პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონ აშშ დოლარს აღემატება.

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების ფინანსური ხელშეწყობით გაიმართა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად