კილაძე: ვამაყობ ბავშვთა კოდექსით, კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო

 საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში ბავშვის უფლებების კოდექსს პირველი მოსმენით განიხილავენ, რომელსაც დეპუტატების გარდა ესწრებიან ბავშვის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წევრები და სასულიერო პირები..

„ჩემს მოხსენებას დავიწყებ იმით, რასაც ჰქვია ჩვენი მთავარი ზრუნვის საგანი. ჩემი აზრით, ჩვენი ზრუნვის საგანი არის ჩვენი სამშობლო – საქართველო და ის მომავალი, რომლის ზრუნვაზეც ჩვენ ყველანი ვართ ვალდებული.  რა თქმა უნდა, ეს მომავალი პირველ რიგში უკავშირდება ჩვენს ბავშვებს. ისინი არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და ადამიანები, რომლებსაც პირველ რიგში ოჯახის და მერე სახელმწიფოს მხარდაჭერა ესაჭიროებათ.

ბავშვის კოდექსის შექმნა დავიწყეთ იმ  იდეით, რომ ამ ბავშვებს პირველ რიგში შევაყვაროთ ჩვენი სამშობლო, მისი ენა, კულტურა, ტრადიციები. ამ კოდექსის შექმნა დავიწყეთ იმ იდეით, რომ ჩვენ ბავშვები დავიცვათ სიღარიბისგან, ძალადობისგან, მავნე ზეგავლენისგან, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით ძალიან ჭარბად მოედინება ინტერნეტიდან, მედიიდან, აზარტული თამაშებიდან, ნარკოტიკებიდან. და ა. შ.  ეს კოდექსი დავიწყე იმ იდეით, რასაც ჰქვია ჩვენი ბავშვების აღზრდა დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

სამწუხაროდ, ვიწრო ჯგუფის მიერ მოხდა საზოგადოებისთვის და ასევე ეკლესიის ნაწილისთვის ამ კოდექსის ძირითადი იდეის არასწორად მიწოდება. თითქოს, ჩვენ, ბავშვებს ვართმევდეთ ოჯახებს, სახლებში უვარდებოდეთ, ვაკანონებდეთ გარყვნილებას და შემოგვქონდეს რაღაცა სექსუალური აღზრდის გაკვეთილები და ვაძულებდეთ ჩვენ ბავშვებს საკუთარ სამშობლოს, ენას და ტრადიციებს.

ჩემო მეგობრებო, სინამდვილეში ყველაფერი პირიქით არის. მე ძალიან ვამაყობ იმით, რომ ამ კოდექსით, საქართველოში, ჩვენს კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო და ის, რომ ჩვენი ბავშვები ჩვენი სამშობლოს, მისი ენის, კულტურული ტრადიციების სიყვარულით აღვზარდოთ.

ჩვენ პირველად შემოგვაქვს საკანონმდებლო დონეზე ის, რომ ჩვენი შვილები მაღალი ზნეობრივი ღირებულებებით უნდა აღვზარდოთ. ასევე, სქესობრივი აღზრდის გაკვეთილები დასაშვები იქნება მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თანხმობით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...