კილაძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე: ამით საქართველოს სასამართლოზე შეტევა დასრულდება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე “რუსთავი2”-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილებით საქართველოს სასამართლოზე შეტევა დასრულდება.

“ფაქტობრივად, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ “რუსთავი 2″-თან მიმართებაში არ დარღვეულა არც მედია თავისუფლება და არც საკუთრების უფლება. იმედი მაქვს, რომ ამით დასრულდება შეტევა რომელიც მიმდინარეობს საქართველოს სასამართლოზე, რადგან სტრასბურგმა დაადასტურა, რომ საქართველოს სასამართლოების სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებები იყო რეალურად სამართლიანი და სრულ შესაბამისობაში მოდიოდა სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკასთან და კონვენციასთან. იმედი მაქვს, სასამართლოზე ტალახის სროლა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება”,-აცხადებს კილაძე.

ცნობისათვის, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლისა და უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის, მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიკერძოებულობასთან დაკავშირებით. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას თან ერთვის მოსამართლე დე გაეტანოს პოზიციის განმარტება, რომელიც ორ ნაწილში არ ეთანხმება დანარჩენ ექვს მოსამართლეს. კერძოდ, დე გაეტანო მიიჩნევს, რომ საქალაქო და უზენაეს სასამართლოებმა დაარღვიეს საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...