კილაძე: საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა „ნაციონალური მოძრაობა“ მოსახლეობას იმ პერიოდში, რაც ხელისუფლებაში იყო

ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, “ნაციონალური მოძრაობა” და სხვადასხვა სატელიტები ერთი კლასტერია და ყველას ერთად “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.

„ბატონო რომან, თქვენზე პირადად არ ვიტყვი , ეს თუ დაგამშვიდებთ, თქვენს პოლიტიკურ ძალაზე გავაკეთებ აქცენტს. ძალიან ნიშანდობლივია, რომ მარტო გამოგიშვეს აქ თქვენ და ეგეც ბევრ რამეზე მეტყველებს. მე არ მიკვირს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ითხოვს საგანგებო მდგომარეობას. სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობაში ამყოფებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვენს მოსახლეობას მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენ. ამ საგანგებო მდგომარეობას ახასიათებდა ადამიანის უფლებების არნახული შეზღუდვა, რომელიც მათ შორის მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ხელყოფდა. ადამიანის სიცოცხლის უფლება აბსოლუტურად ფეხქვეშ გათელილი იყო მათი მმართველობის პერიოდში. ბატონო რომან და ყველას მივმართავ თქვენი პოლიტიკური ძალიდან, გვაცალეთ ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლების დაცვა“,-აღნიშნა  სოფო კილაძემ.

სოფო კილაძეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ უპასუხა:

„საგანგებო მდგომარეობის გაუქმებას ვითხოვთ. ვერ გაიგეთ რა ვილაპარაკეთ 5 წუთის განმავლობაში? საგანგებო მდგომარეობა უნდა გაუქმდეს, ნუ დემაგოგობთ” .

შეგახსენებთ: პარლამენტში ცვლილებათა პაკეტი დარეგისტრირდა, რომლის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად