A1 ბანერი

კილაძე “ნაცმოძრაობაზე”: ეს გავეშებული ადამიანები ისევ ხელისუფლებაში რომ მოვიდნენ, 26 მაისზე უარესს დამართებენ ამ ქვეყანას

„ახლა გაუნათდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გონება და ახლა დაიწყეთ ქართველ ხალხზე ზრუნვა? არ მჯერა მე თქვენი გულწრფელობის“, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სალომე სამადაშვილს კომიტეტის სხდომაზე, სადაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა „უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგინა.

სოფო კილაძე ირწმუნება, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა ეთნოსის მიმართ მიუღებლობა არ აქვს, მაგრამ ამავდროულად მათი ინტერესის საგანია საქართველოს მოქალაქეები.

„რეალურად არის პრობლემები ამ კუთხით, ბინადრობის გაცემასთან, სამუშაო უფლებასთან დაკავშირებით მიდგომები გასამკაცრებელია…

ქაბატონო სალომე, ახლა გაუნათდა „ნაციონალურ მოძრაობას“ გონება და ახლა დაიწყეთ ზრუნვა ქართველ ხალხზე, როდესაც მთელი ეს სისტემა გქონდათ აბსოლუტურად დერეგულირებული?!

მე დავინახე გუშინ როგორ ზრუნავს თქვენი პოლიტიკური ძალა ადამიანებზე. დავინახე, როგორ აგრძელებს ისევ გახლეჩვას და ერთმანეთთან დაპირისპირებას. ეს გავეშებული ადამიანები რომ ისევ ხელისუფლებაში მოვიდნენ, წარმომიდგენია 26 მაისზე და 7 ნოემბერზე უარესს დამართებენ კიდევ ამ ქვეყანას.

არ ვიცი ამ შემთხვევაში რა არის თქვენი პოლიტიკური მოტივაცია, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ არ ხართ ამ კონკრეტულ კანონპროექტთან მიმართებაში გულწრფელები და არ მგონია, რომ თქვენ ზრუნავდეთ ამ ხალხზე , იმიტომ, რომ თქვენი პოლიტიკა რაც იყო, ამან რაც მოიტანა ქვეყანაში , მათ შორის ამ მიმართულებით, ამას ძალიან კარგად ვხედავთ. ამიტომ, მე არ მჯერა თქვენი გულწრფელობის“, – მიმართა სოფო კილაძემ სალომე სამადაშვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი ქვეყანაში შრომითი და მუდმივი ცხოვრების ნებართვების, აგრეთვე არალეგალური იმიგრაციის გამკაცრებას ითვალისწინებს.

კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დარეგულირდება უცხოელებისათვის შესათავაზებელი სპეციალობების/პროფესიების ნუსხას დასაქმების მიზნით. ნუსხას საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს და მისი შეთავაზება მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი შრომითი კონტრაქტის მიღების სურვილს არ გამოთქვამს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე საქართველოს მოქალაქე.

ასევე, კანონპროექტი ამკაცრებს მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემის წესს. კერძოდ, მუდმივი ცხოვრების ნებართვის გაცემა აღარ მოხდება მხოლოდ 6 წლის განმავლობაში არსებული ცხოვრების დროებითი ნებართვის საფუძველზე. დამატებითი მოთხოვნის სახით ემატება სახელმწიფო ენის ცოდნა ელემენტარულ დონეზე, საქართველოში განხორციელებული ინვესტიცია ან საკუთრება მინიმუმ 200 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

კანონპროექტი ასევე ამკაცრებს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემას.

კერძოდ, საინვესტიციო ვიზის მიღება შესაძლებელი გახდება შემდეგ ორ შემთხვევებში: თუ ინვესტორი შეიძენს საქართველოს სახელმწიფოს მიერ გამოცემულ არანაკლებ 400 000 აშშ დოლარის ღირებულების ექვივალენტ ლარში ხუთწლიანი ვადის მქონე სახაზინო ფასიან ქაღალდს და განახორციელებს 100 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას ან თუ ინვესტორი განახორციელებს არანაკლებ 300 ათასი აშშ დოლარის ექვივალენტ ლარში ინვესტიციას (ეს არ უნდა იყოს საცხოვრებელი სახლის შეძენა) და მუდმივ სამუშაოზე დაასაქმებს საქართველოს არანაკლებ 8 მოქალაქეს.

ცვლილება ასევე ითვალისწინებს მოკლევადიანი ბინადრობის უფლების ინსტიტუტის გაუქმებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...