კილაძე: მგონია, რომ უკაცრავად და შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ვერ დაგვაბრუნებინებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს

“მე მგონია, რომ ჩვენ, ნამდვილად მხოლოდ მაშინ შევძლებთ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას, თუ გვექნება პატრიოტული სულისკვეთება ქვეყანაში და ამ პატრიოტულ სულისკვეთებას ნამდვილად სჭირდება სწავლება, შეყვარება ბავშვებისთვის თავიდანვე და მე მგონი, ამაზე საუბრობდა ირაკლი ღარიბაშვილი. მე მგონია, რომ უკაცრავად და შარვლის ჩახდა ოკუპანტების წინაშე, ვერ დაგვაბრუნებინებს ვერაფრით ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს. ამას სჭირდება შრომა, თავდადება, ძალიან ბევრი მუშაობა და ჩვენი ევროატლანტკური გზით სვლა.”

ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე სოციალურ ქსელში საზოგადოების ნაწილის რეაქციას, რომელიც მოჰყვა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე “გირჩის” მიმართ გამოხატულ დამოკიდებულებას.

“გირჩი”-ს საქმიანობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას.ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებულ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

“სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩემთვის ეს, თუნდაც გარედან მაყურებლისთვის იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, ის, რაც ამ ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა, ეს არის პირდაპირი კატასტროფა და ჩვენი ერის ტრაგედია. მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის , ჩვენი ოპონენტების ნაცმოძრაობის და მათთან აპელირებული წევრების, ე.წ. გირჩის ინიციატივას, ხდება პირდაპირი დეგრადაცია , მცდელობა ჩვენი საზოგადოების, მომავალი თაობის, რაც არის ყოვლად დაუშვებელი. არ მოვერიდები და პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა აღვნიშნო, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას. ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი, მე ამაზე მჯერა, რომ თეა წულუკიანთან ერთად ვიმუშავებ, ეს იქნება ერთ-ერთი პირველი ამოცანა და საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში იყოს დარეგულირებული.

ჩვენ სამხედროებს სავალდებულო სამსახური უნდა იყოს იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში, გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის 4 კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე იუსტიციის მინისტრობის კანდიდატ თეა წულუკიანს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატ ქეთევან ციხელაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატ ვახტანგ გომელაურს, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...