კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 230 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში გადაეცა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ოჯახები, რომლებიც წლების განმავლობაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში მართლზომიერად ცხოვრობდნენ მესაკუთრეები გახდნენ.
„იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, ამ დრომდე, არ ჰქონდათ საკუთრებისა და სტაბილურობის განცდა, ჰქონდათ შიში, რომ კიდევ მოუწევდათ საცხოვრებლის შეცვლა, რაც, რა თქმა უნდა, ხელს უშლიდა მათი სრულფასოვანი ინტეგრაციის პროცესს. ახლა კი, უკვე შეეძლებათ თავად განკარგონ საკუთარი ქონება. დაკანონების პროცესი სრულიად ნებაყოფლობითია, იმ შემთხვევაში თუ დევნილ ოჯახს არ სურს არსებული საცხოვრებლის დაკანონება, მაგალითად ფართის სიმცირის გამო, ჩვენ მას განსახლების ალტერნატიულ პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობას ვაძლევთ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში, საცხოვრებელი ფართი 800-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს უკვე დაუკანონდა. სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში კი, ამ პერიოდში, ჯამში, 5000-მდე დევნილი ოჯახი განსახლდა.

კომენტარები
იტვირთება...