კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე – ფოტოგამოფენა ფოლკლორის ცენტრში

,,გამარჯვებულ ქალთა კლუბისა” და „მარიგოლდის“ ერთობლივი პროექტი, ფოტოგამოფენა სახელწოდებით – „გააგრძელე ისტორია, გაიმარჯვე“ – 4 თებერვალს, 18:00 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები „გამარჯვებულ ქალთა კლუბში“ გაწევრიანებული ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ ქალთა მხარდაჭერასა და, ზოგადად, კიბოს მსოფლიო დღის ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

მსოფლიო წელს უკვე მეოცედ ერთიანდება ამ პრობლემის ირგვლივ. კამპანია მიმდინარეობს გზავნილით – I am, I will – მე ვარ, მე გავაკეთებ. „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“, მხარდამჭერებთან ერთად, ფოტოგამოფენით აჩვენებს თითოეული ადამიანის ჩართულობის მნიშვნელობას კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებაში.

მოდის სახლი „მარიგოლდი“, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია, ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდი, ჟურნალიტები და მსახიობები „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ მხარდასაჭერად ერთობლივი ფოტოპროექტით გაერთიანდნენ.

პროექტის მიზანია: ძუძუს კიბოს ირგვლივ გავრცელებული სტიგმის დაძლევა, ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობა და ძუძუს კიბოს დიაგნოზით ცხოვრების თავისუფლად გაგრძელების შესაძლებლობის ჩვენება.

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ 2009 წელს თბილისში პირველად დაფუძნდა და ის ძუძუს კიბოს დიაგნოზით ნაოპერაციევ 600-ზე მეტ ქალს აერთიანებს. კლუბი, თბილისის გარდა, საქართველოს სხვადასხვა რაიონშიც ზრუნავს (ლანჩხუთი, ჩოხატაური, ამბროლაური,ონი, გურჯაანი, თელავი, ყაზბეგი, სურამი…) სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოზით ნამკურნალევ ქალთა ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციასა და მათი შემდგომი რესოციალიზაციისათვის.

„მარიგოლდი“ ქართული ბრენდია, რომელიც საავტორო ხელნაკეთ, საქორწინო და
გათანამედროვებულ ტრადიციულ ქართულ და სადღესასწაულო სამოსს აწარმოებს.
კომპანია უკვე წლებია აქტიურად თანამშრმლობს „გამარჯვებულ ქალთა კლუბთან: ასწავლიან ხელსაქმეს, დეკორატიული ნივთების დამზადებას, ხელოვნებით თერაპიას.

,,გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ფოტოპროექტის მხარდამჭერია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, რომელსაც მსგავს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებში თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად