ხვიჩია: ვინც ოპოზიციურ გაერთიანებაში შედის, “ნაცმოძრაობის” იარლიყი ეკერება და მას ივანიშვილი ადვილად უმკლავდება

„გუშინდელმა არჩევნებმა ის მითხრა, რომ შუის გაკრეფის პოლიტიკა აწყობს ხელისუფლებას“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „აიპრესს“ განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც ერთი ერთზე რჩება ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და მათ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები ერთმანეთთან, იგებს ბიძინა ივანიშვილი.

„ამას გვაჩვენებს ბოლო 7 წლის გამოცდილება. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ორივე მხარე ცდილობს ე. წ. შუა გაკრიფოს. ამას აკეთებს ივანიშვილი მოსვლის დროიდან და ამასვე აკეთებს სააკაშვილი თავისი „რუსთავი 2“-ის პოლიტიკით.

ეს შუას გაკრეფის პოლიტიკა, როდესაც ოპოზიცია იძახის, რომ ჩვენ ერთობლივად მოვერევით ივანიშვილს, არ მუშაობს. იმიტომ, რომ ნებისმიერი ოპოზიციონერი, რომელიც შედის ამ გაერთიანებულ ოპოზიციაში, ეგრევე ეკერება „ნაციონალური მოძრაობის“ იარლიყი და ბიძინა ივანიშვილი ადვილად უმკლავდება იმ ოპოზიციას, რომელსაც „ნაცმოძრაობის“ იარლიყი აქვს. ამიტომ, ეს მეთოდი, რომ თუ გინდა ოპოზიციაში ყოფნა, შენ ხარ „ნაცმოძრაობის“ დანამატი, ეს მუშაობს ივანიშვილის სასარგებლოდ. ამიტომ, ის ცდილობს, რომ ერთი ერთზე დარჩეს სააკაშვილთან.

გასაგებია რომ ბრძოლა არის ხოლმე, მაგრამ ამ ბრძოლას იგებს ივანიშვილი, ამიტომ თუ გვინდა მოვუგოთ ივანიშვილს სხვა ბრძოლა გვჭირდება“, – გვითხრა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გუშინ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც მმართველი გუნდის კანდიდატმა ლადო კახაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა. მან ბლოკის „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატი შალვა შავგულიძე დაამარცხა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...