ხვალ საქართველოს ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის პრეზენტაცია გაიმართება

18 ივლისს (9:00) სასტუმროში Holiday Inn (ქ. თბილისი, N.1, 26 მაისის მოედანი) გაიმართება „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასის“ (http://atlas.mepa.gov.ge) პრეზენტაცია.
აღნიშნული პორტალი შემუშავებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და პროექტის “Global Forest Watch” მიერ. ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა გლობალურმა გარემოსდაცვითმა ფონდმა (GEF) და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ (UNEP).
საქართველოს „ტყისა და მიწათსარგებლობის ატლასი“ წარმოადგენს ონლაინ მონიტორინგის პლატფორმას, რომელიც ეხმარება შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს ტყის მართვასა და საჭირო გადაწყვეტილებების მიღებაში. იგი მოიცავს როგორც სამთავრობო უწყებების, ასევე პარტნიორი ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შექმნილ სხვადასხვა სამიზნე ჯგუფზე მორგებულ მონაცემებს და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს მონაცემების ანალიზისთვის (მაგ.: სივრცული ანალიზი/გამოთვლა; ინტერაქტიული სტატისტიკის დაფა/ქვეყნის პროფილი).
ატლასის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის (https://www.wri.org/) მხარდაჭერით.
დაგეგმილი ღონისძიების მიზანს წარმოადგენს ატლასის ფუნქციების გაცნობა საზოგადოებისათვის, კერძოდ კი ატლასის სხვადასხვა გამომყენებელთა ჯგუფებისათვის.
შეხვედრას გახსნიან და მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის წარმომადგენლები და სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსი კარლო ამირგულაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...