ხვალ იაპონიაში ძიუდოისტები ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობაში ჩაერთვებიან

ხვალ იაპონიაში სტარტს აიღებს და 25 ნოემბრის ჩათვლით გასტანს ძიუდოისტთა ტურნირი ოსაკის გრან სლემზე.

ქართველ ძიუდოისტებს მხოლოდ კაცთა შორის ეყოლებათ წარმომადგენლები და ისინი 61 სხვა ქვეყნის 262 ძიუდოისტთან ჭიდილში შეეცდებიან მედლების მოპოვებას. “აიპრესი” უკვე აუწყებდა თავის მკითხველს, რომ ახლახანს, 17-18 ნოემბერს, ჰააგის გრან პრიზე ტრავმები მიიღეს ზებედა რეხვიაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა და მათგან ორი, რეხვიაშვილი და ჭრიკიშვილი, სანიტრებმა საკაცით გაიყვანეს ტატამიდან. როგორც ჩანს, რეხვიაშვილის და ლიპარტელიანის ტრავმები მსუბუქი იყო და ისინი განაცხადში არიან, ჭრიკიშვილს კი, სამწუხაროდ, მუხლის მყესი აღმოაჩნდა სერიოზულად დაზიანებული და, წინასწარი დიაგნოზით, ოპერაცია თუ არა, 1-2 თვიანი რეაბილიტაციის კურსის ჩატარება დაჭირდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ოსაკას გრანდ სლემზე ასეთია:

60კგ – ლუხუმ ჩხვიმიანი
66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
73კგ – ლაშა შავდათუაშვილი
81კგ – ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი
90კგ – უშანგი მარგიანი
100კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
+100კგ – გურამ თუშიშვილი

ხვალ ტატამზე 60-66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები გამოვლენ. 60 კგ წონაში ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქეები იქნებიან: წონის რეიტინგ-ლიდერები, იაპონელები რიუჯუ ნაგაიამა და ნაოჰიშა ტაკატო, რეიტინგში მე-7 და მე-9 ადგილებზე მყოფი ყაზახი გუსმან კირგიზბაიევი და ბრაზილიელი ერიკ ტაკაბატაკე, აგრეთვე ყაზახი ელდოს სმეტოვი, იაპონელი ტორუ შიშიმე, ბრაზილიელი პელიპ პელიმი, ეკვადორელი ლენინ პრეციადო, გერმანელი მორიც პლაფკი, ნიდერლანდელი თორნიკე ჭკადუა, ტაიპეიელი ვეი იანგ იუნგი, ფრანგი ლუკა მხეიძე, ყირგიზი ოტარ ბესტაევი, რუსი იაგო აბულაძე და სხვები.

საწყისი შეხვედრა ლუხუმ ჩხვიმიანს ფრანგ ლუკა მხეიძესთან ექნება. გამარჯვებული პულის ნახევარფინალში იაპონელ იუმა ოშიმას ან მონღოლ ამავტურშინ ბაიარას შეხვდება.

66 კგ წონაში ვაჟა მარგველაშვილის მეტოქეები იქნებიან: იაპონელები ჰიფუმი აბე (წონის რეიტინგ ლიდერი), ჯოშირო მარუიამა და კენზო ტაგავა, ყაზახები ელდოს ჟუმაკანოვი და ერლან სერიკჟანოვი, კუბელი ოსნილ სოლისი, მონღოლი ხერლენ გამბოლდი და სხვები.

პირველ შეხვედრას მარგველაშვილი პერუელ ჯუან პოსტიგოსსა და ტაილანდელ სურასაკ პუნტანამს შორის გამარჯვებულთან გამართავს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად