ხვალ ძიუდოისტები ეკატერინბურგის გრანდ სლემზე ასპარეზობაში ჩაერთვებიან

ძიუდოისტები ხვალ სეზონის რიგით მესამე გრანდ სლემზე ასპარეზობაში ჩაერთვებიან.

პარიზის და დიუსელდორფის გრანდ სლემების შემდეგ სეზონის რიგით მესამე, ეკატერინბურგის გრანდ სლემზე, 47 ქვეყნის 358 ძიუდოისტი (206 კაცი და 152 ქალი) მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეკატერინბურგში 12 ძიუდოისტი ჰყავს წარგზავნილი: ლუხუმ ჩხვიმიანი (60კგ), თემურ ნოზაძე (60კგ), ბაგრატ ნინიაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) ვალერი იაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ), ტატო გრიგალაშვილი (81კგ), უშანგი მარგიანი (90კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ), ონისე სანებლიძე (100კგ), გიორგი ბერიაშვილი (100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ)

60კგ წონით კატეგორიაში 29 ძიუდოისტია. ყაზახი იელდოს სმეტოვის (N6), რუსი ალბერტ ოგუზოვის (N9) და ყაზახი გუსმან ყირგიზბაევის (10) შემდეგ მე-4 ნომრად არის განთესილი ლუხუმ ჩხვიმიანი (N11). ლუხუმ ჩხვიმიანის მეტოქე საწყის ეტაპზე ტაჯიკი დალერ კურბონჯონოვი (ურეიტინგო) იქნება. ამავე წონაში ჩვენი მეორე წარმომადგენელი თემურ ნოზაძე (59) ყირგიზ დოოლოტბეკ ტაალაიბეკ უულუს (N386) შეხვდება.

66კგ წონით კატეგორიაშიც 29 ძიუდოისტია. ისრაელელებთან – ბარუხ შმაილოვთან (N4) და ტალ ფლიკერთან (N6), ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან (N7), ყაზახ იელდოს ჟუმაკანოვთან (N12) და სხვებთან ერთად ამ წონაში პირველობისთვის იბრძოლებს ბაგრატ ნინიაშვილი (N42). მისი მეტოქე საწყის ეტაპზე ტაჯიკი დავლატალი ნაზარალიევი (ურეიტინგო) იქნება.

73კგ წონით კატეგორიაში 32 ძიუდოისტს შორის არიან ლაშა შავდათუაშვილი (N3), შვედი ტომი მაციასი (N5), მონღოლი ოდბაიარ განბაატარი (N7), ისრაელელი ტოჰარ ბუტბული (N16), ვალერი იაშვილი და სხვები. ლაშა შავდათუაშვილი პირველ შეხვედრას რუს ევგენი პროკოპჩუკთან (N234) გამართავს, ხოლო ვალერი იაშვილი (ურეიტინგო) კი გიორგი ელბაკიევთან (N159, რუსეთი)

81კგ წონით კატეგორიაში 37 ძიუდოისტი გამოვა. ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტთან (N2), ისრაელელ საგი მუკთან (N6), ბელგიელ მათიას კასესთან (N10), რუს ხასან ხალმურზაევთან (N11) და სხვებთან ერთად იბრძოლებენ ტატო გრიგალაშვილი (N73) და ირაკლი მაისურაძე (N89). ტატო გრიგალაშვილის მეტოქე პირველ შეხვედრაში იაპონელი ტაკანორი ნაგასე (ურეიტინგო), ხოლო ირაკლი მაისურაძის კი მოლდოველი კატალინ მარიანი (ურეიტინგო) იქნება.

90კგ წონით კატეგორიაში 26 ძიუდოისტს შორის მე-5 და მე-7 ნომრებად არიან განთესილები უშანგი მარგიანი (N17) და ბექა ღვინიაშვილი (N19). მათ პირველობისთვის ბრძოლა მოუწევთ სერბებთან ალექსანდერ კუკოლჯთან (N3) და ნემანია მაიდოვთან (N8), ყაზახ ისლამ ბოზბაევთან (N10), ნიდერლანდელ ნოელ ვან ტენდთან (N15) და სხვებთან. უშანგი მარგიანი პირველ რაუნდში თავისუფალია, ბექა ღვინიაშვილი კი რუს ჯაფარ კოსტოევს (ურეიტინგო) შეხვდება.

100კგ წონით კატეგორიაში 30 ძიუდოისტი იასპარეზებს. ისრაელელ პეტერ პალჩიკითან (N4), ნიდერლანდელ მიხაელ კორელთან (N7), მონღოლ ოტგონბაატარ ლხაგვასურენთან (N9), ბელგიელ ტომა ნიკოფოროვთან (N13) და სხვებთან ერთად იჭიდავებენ ონისე სანებლიძე (N48) და გიორგი ბერიაშვილი (ურეიტინგო). ონისე სანებლიძე ბულგარელ დანიელ დიჩევს (N44), გიორგი ბერიაშვილი კი ლიეტუველ კაროლიზ ბაუზას (N63) შეხვდება.

+100კგ წონით კატეგორიაში 23 ძიუდოისტი იბრძოლებს პირველობისთვის. მონღოლ დუურენბაიარ ულზუბაიართან (N3), ბრაზილიელებთან – დავიდ მოურასთან (N4) და სილვა რაფაელთან (N6), ავსტრიელ სტეფან ჰეგისთან (N8) და სხვებთან ერთად პირველობისთვის გელა ზაალიშვილიც (N69) იბრძოლებს. გელა ზაალიშვილის მეტოქე პირველ შეხვედრაში ეკატერინბურგის შარშანდელ გრანდ სლემზე გამარჯვებული იაპონელი ჰიოგა ოტა (N46) იქნება.

გრანდ სლემზე გამარჯვებული თავის სარეიტინგო კალათას 1000 ქულას შემატებს, მეორე ადილზე გასული – 700 ქულას, მესამეადგილოსნები – 500 ქულას, მეხუთეადგილოსნები – 360 ქულას, მეშვიდეადგილოსნები – 260 ქულას.

გრანს სლემის მონაწილეთათვის დაწესებულია ფულადი ჯილდოები:
1 ადგილი – 5000 $ (აქედან 1000 $ მწვრთნელს)
2 ადგილი – 3000 $ (აქედან 600 $ მწვრთნელს)
3 ადგილები – 1500 $ თითოეულს (აქედან 300 $ მწვრთნელს)

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...