ხუციშვილი: სამაშველო მიმართულებით, საბჭოთა ტექნიკას 20 ახალი პიკაპი ჩაანაცვლებს

20 ერთეული მაღალი გამავლობის პიკაპის შესაძენად ტენდერი გამოცხადდება, რომელიც სამაშველო მიმართულებით, საბჭოთა ტექნიკას ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განუცხადა. 

"ეს პიკაპები განკუთვნილი იქნება სამაშველო ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ გარკვეულ რეგიონებში იყენებენ საბჭოთა წარმოების ტექნიკას და ამით ჩვენ სამაშველო მიმართულებით წერტილს დავუსვამთ საბჭოთა ტექნიკის გამოყენებას. რაც შეეხება სახანძრო მიმართულებას- გაგრძელდება შესყიდვები. ახლა მიმდინარეობს დაგეგმვის პროცესი. ჩვენ მოლაპარაკებას ვაწარმოებთ რამდენიმე მსხვილ ევროპულ კომპანიასთან და მომავალ 2-3 წელში საქართველოს სახანძრო დეპოში არცცერთი საბჭოთა წარმოების მანქანა აღარ იქნება. ამ სფეროს განსავითარებლად მთავრობის მხარდაჭერა გრძელდება“, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, წელს საქართველომ დაახლოებით 13 მილიონი ლარის ტექნიკა შეიძინა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება. ტექნიკა მთლიანად გადანაწილდება რეგიონებში.

"ჩვენ გვქონდა საკმაოდ მასშტაბური ტყის ხანძარი და საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად მოხდა ამ ხანძრებთან გამკლავება. ეს ძირითადად განპირობებულია სწორედ იმ ახალი სახანძრო მანქანების წყალობით, ჩვენ ეს საშუალებას გვაძლევს, რომ უფრო ეფექტურად და სწრაფად ვიმოქმედოთ ხანძრის შემთხვევაში. წელს საქართველომ შეისყიდა დაახლოებით 13 მილიონის ტექნიკა, რომლის მოწოდებაც ეტაპობრივად ხორციელდება. ეს ტექნიკა განკუთვნილია ტყის ხანძრებთან საბრძოლველად და ამ გამოწვევებმა გვანახა, რომ სწორად მოხდა ტექნიკის შერჩევა და ყველა ეს შესყიდვა ჩვენ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ბორჯომის ტიპის ხანძარი და მასშტაბური პრობლემები ტყის ხანძრების მიმართულებით არ იქნება. ეს ტექნიკა მთლიანად განაწილდება საქართველოს რეგინებში. დაახლოებით, 18 მუნიციპალიტეტში სრულად იქნება დაკმაყოფილებილი, სადაც არის მაღალი რისკი ტყის ხანძრის და შესაბამისად გაიზრდება ეფექტურობა“, – აღნიშნა შალვა ხუციშვილმა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად