ხუნდაძე: “ოცნება” ამაყობს, რომ 2024 წელს გადადის პროპორციულ სისტემაზე, ვფიქრობ, საამაყო არაფერია

​ამის შესახებ დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალსიტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ კონსულტაციები არავისთან არ გამართულა, იმ მაჟორიტარების გარდა, ვისთან ერთადაც მოხდა ინიციატივის შემუშავება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის საკანონმდებლო ინიციატივას, 2020 წლის არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების თაობაზე, მხარს უჭერენ მაჟორიტარი დეპუტატები: ირაკლი შიოლაშვილი, მერაბ ქვარაია, დაჩი ბერაია, თუმცა ინიციატივის ავტორი მიიჩნევს, რომ მხარდამჭერებზე მნიშვნელოვანია სწორის საარჩევნო სისტემა, რომლითაც ქვეყანა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში წარდგება.

“ქართული ოცნება” ამაყობს იმით, რომ 2024 წელს გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე, ვფიქრობ, საამაყო არაფერია. მაჟორიტარების დიდი ნაწილი, რომელთა შორის მეც ვიყავი, დავუჭირეთ მხარი ამ ინიცირებას, თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო შეცდომა და დროა, გამოვასწოროთ ეს შეცდომა”-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეკითხვაზე, რამდენად პერსპექტიული შეიძლება იყოს ამგვარი საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში საკონსტიუტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმების (113 ხმა) არარსებობის პირობებში და ხომ არ არის ეს საკითხი თემის გადატანის მიზნით შეთანხმებული, დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, რომ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის დამუხრუჭებაზეც იყო ეჭვი, თითქოს ვინმესთან იყო შეთანხმებული, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა.

​”მინდა სრულად განვმარტო, რომ ეს არის ჩვენი ინიციატივა, რომელსაც შევეცდებით, რომ მეტი მხარდამჭერი ჰქონდეს და გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყნის პარლამენტი იყოს სრულად მაჟორიტარული და ამომრჩევლის დაკომპლექტებული.​ ​რამდენიმე დღის წინ უპერსპექტივოს ეძახდით მცდელობას, რომ კანონპროექტს დავამუხრუჭებდით, რომელიც იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის ხიფათის შემცველი. ახლა გამოვდივართ ინიციატივით, რომლისაც გვჯერა” -განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დიმიტრი ხუნდაძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ განცხადება გაავრცელა:

” მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს”, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად