ხუნდაძე: მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები მოვისმინოთ, რაც მისაღები მაქვს მეც და ბევრ ჩემს კოლეგას

მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები მოვისმინოთ, რაც მისაღები მაქვს მეც და ბევრ ჩემს კოლეგას-ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც ოპოზიციის მომზადებული პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით პარლამენტმა ჩააგდო და დღის წესრიგში უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტის განხილვის საკითხი დადგა.

“ბატონო არჩილ, რადგან ჩვენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, დღეს უნდა გადავწყვიტოთ ბედი, თუ როგორი პოლიტიკური ცხოვრებით უნდა იცხოვროს ქვეყანამ. ეს არ არის კანონი, თუ ვინ შევა პარლამენტში და ვინ არა, ვინ იქნება დეპუტატი და ვინ – არა. აქ დგას საკითხი თუ რა პოლიტიკური ცხოვრებით იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა.

ჩვენ მაჟორიტარებს გვქონდა კომპრომისული დამოკიდებულება გუნდთან შეთანხმებით. ამის გამო მხარს ვუჭერდი, რომ გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე და ეს გადაწყვეტილება მიგვეღო დღესვე.

დღეის ვითარებიდან გამომდინარე, მე ამ კითხვებზე უფრო ნაკლებად მაქვს პასუხები და უფრო ნაკლებად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი კომპრომისული გადაწყვეტილება მართებულია და მინიმუმ არ იქნება სახიფათო ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის. ამიტომ, მოვიწვიოთ უმრავლესობის სხდომა და იმ კითხვებზე პასუხები მოვისმინოთ, რაც მისაღები მაქვს მეც და ბევრ ჩემს კოლეგას. მხოლოდ ფრაქციების ფორმატში შეხვედრა არ იქნება საკმარისი. მე ვითხოვ უმრავლესობის სხდომის მოწვევას სრული მასშტაბით”- მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, რაზეც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ პროექტის განხილვა არ გადაიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად