ხუნდაძე: მაჟორიტარები ვერ ამოეფარებიან ვერცერთ პარტიას, რომელთა დასახელებები საკმაოდ ჭრელია

“მაჟორიტარების ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება და უმოკლეს ვადებში შევიმუშაოთ ინიციატივა, რომელსაც წარვუდგენთ პარლამენტს, რომ ქვეყანა 2020 წლისთვის მაჟორიტარულ სისტემაზე სრულად გადავიდეს”. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ხელისუფლების წყარო უნდა იყოს ხალხი, რისთვისაც მაჟორიტარული სისტემა არის საუკეთესო სისტემა არსებულ რეალობასა და ვითარებაში.

“ხალხმა პირდაპირი წესით აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლობა და პარლამენტი დაკომპლექტდეს სრულად მაჟორიტარული სისტემით. ასეთი სისტემები გვაქვს ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში და არ არ არის უცხო თანამედროვე მსოფლიოსთვის. ეს არის ერთერთი საუკეთესო მოდელი. ქართველი ხალხი უკეთ შეარჩევს, მაჟორიტარები კარგად ამოცნობადი იქნებიან და ისინი ვერ ამოეფარებიან ვერცერთ პარტიას, რომელთა დასახელებები არის საკმაოდ ჭრელი და ზოგჯერ ამომრჩეველი იბნევა, რომელი პარტიის უკან რომელი კონკრეტული პოლიტიკოსი დგას”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

დღესვე, დიმიტრი ხუნდაძემ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ განცხადება გაავრცელა:

” მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფმა მივიღეთ გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ დავიწყოთ ხელმოწერების შეგროვება სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივის მოსამზადებლად, რომელსაც, დარწმუნებული ვართ, უკიდურესად შემჭიდროვებულ ვადებში წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს, იმ იმედით, რომ ამ, ყველაზე დემოკრატიულ და სახალხო საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანამ უკვე 2020 წლის არჩევნებისთვის შეძლოს”, – ნათქვამია დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად