ხულორდავა “ევროპულ საქართველოს”: ხელისუფლებას რაიმე დამატებითი შემოძახილი არ სჭირდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა „ევროპული საქართველოს“ წევრები რუსეთის საკითხით მანიპულირებაში ადანაშაულებს.

როგორც თამარ ხულორდავამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტი განიხილებოდა, საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ანტისაოკუპაციო მიმართულებით „დამატებითი შემოძახილი არ სჭირდება“.

„დადგენილების პროექტის სათაურიდან და ზოგადად პათოსიდან გამომდინარე, საზოგადოებას თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ საკითხში აქტიურობას და ქმედებებს გვიწუნებთ. დასაწუნი არაფერი გვაქვს. ამ საკითხზე შეგვიძლია ძალიან დეტალურ დისკუსიაში შევიდეთ, ერთმანეთს შევადაროთ ის ქმედებები, რაც ამ ბოლო პერიოდში იქნა მიღებული და ის ნაბიჯები, რომელიც უშუალოდ კონფლიქტის შემდეგ, 2008 წლიდან 2012 წლამდე იქნა გადადგმული საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ. აქ მე მგონი, თქვენი დავა წაგებულია.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ საკითხებზე საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მანიპულირებას მაინც ახერხებთ. სწორედ ჩვენი აქტიურობის, ძალისხმევის შედეგია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში აშშ-ს მხრიდან კონკრეტული სანქციები გვაქვს, აღმასრულებელ ხელისუფლებას რაიმე დამატებითი შემოძახილი არ სჭირდება. გთავაზობთ, გავაგრძელოთ მუშაობა საქმით და არა განცხადებებით, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ჯგუფის მხოლოდ პიარს ემსახურება“, – მიმართა თამარ ხულორდავამ „ევროპულ საქართველოს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად