ხუხაშვილი: “ოცნება” პოლიტიკურ ბუნკერში ჩავიდა, აფექტის მდგომარეობაშია და ტრაგიკომიკურ კონტრშეტევებს ახორციელებს

პოლიტოლოგია გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” რაც არ უნდა ერთგულებას ეფიცებოდეს დასავლეთს, არ იქნება დამაჯერებელი, იმიტომ, რომ დასავლურ საზოგადოებას თავისი ქცევის წესები აქვს და საქართველოს ხელისუფლებაც ასე უნდა იქცეოდეს.

ამის შესახებ გია ხუხაშვილმა “აიპრესთან” ისაუბრა, ევროპარლამენტარების გამოთქმულ კრიტიკაზე. რაც შეეხება იმას, ხომ არ უნდა განვიხილოთ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიმართ გამოთქმული შეფასებები ასევე დასავლური ფასეულობების კონტექსტში, ხუხაშვილი ამბობს, რომ ცალკეულ ეპიზოდებზე საუბარს აზრი არ აქვს. მისი თქმით, ხელისუფლებაში საერთო ფონი ასეთია, რომ პოლიტიკურ ბუნკერში ჩავიდა, აფექტის მდგომარეობაშია და ტრაგიკომიკურ კონტრშეტევებს ახორციელებს.

„ცალკეულ ეპიზოდებზე საუბარი ჩემი აზრით აზრს კარგავს. ეს თემა სისტემურ ხასიათს ატარებს. ეს არ არის ერთჯერადი განცხადება. ჩვენ გვესმის მთელი კასკადი ამ ბოლო თვეების განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს უყალიბდება გარკვეული წარმოდგენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ საქმე აქვს ჩრდილოვან ავტორიტარიზმთან ქვეყანაში, დემოკრატიული პროცესის სერიოზულ დასუსტებასთან და პოლიტიკურ დევნასთან.

ხელისუფლების მხრიდან იმაზე კამათს, რომ ეს ასე არ არის და მის რაღაც მცდელობებს, აზრი არ აქვს. გასაგებია, რომ მათ ვირეშმაკული არგუმენტები შეიძლება მოძებნონ, მაგრამ ამის არავის აღარ სჯერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

შესაბამისად, ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ. დასრულებულია ის ილუზია, რომ შეუძლიათ ქვეყნის შიგნით რაღაც „იჩალიჩონ“, მაგრამ გარეთ ფასადზე ფსევდო რეალობა გამოფინონ. არ გამოდის ეს. შედეგს რაც შეეხება, დასავლეთი გეოგრაფიული ერთეული ხომ არ არის?! ის არის ფასეულობათა გარკვეული სისტემა. შენ თუ ამბობ, რომ იქით მიდიხარ, შენ უნდა მიდიოდე იმით, რომ გავხარ მას. რაც არ უნდა ერთგულებას ეფიცებოდეს მას, ეს არ არის დამაჯერებელი, იმიტომ, რომ დასავლურ საზოგადოებას თავისი ქცევის წესები აქვს და შენც ისე უნდა იქცეოდე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

კითხვაზე, როდესაც დასავლურ ფასეულობებზე ვსაუბრობთ, ამ კონტექსტში ხომ არ განიხილება პარლამენტში მომხდარი გუშინდელი ფაქტი, როდესაც თეა წულუკიანის და ნინო ლომჯარიას პაექრობა ვნახეთ? – პასუხობს:

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ცალკეულ ეპიზოდებზე საუბარს აზრი არ აქვს. ხელისუფლება ჩავიდა პოლიტიკურ ბუნკერში. არ აღიარებს არაფერს და აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, სადაც წერია ერთადერთი საკითხი – ძალაუფლების ნებისმიერი გზით შენარჩუნება. მე ვიტყოდი, რომ აფექტურ მდგომარეობაშია და შესაბამისად იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ადეკვატური პასუხები გასცეს, თუნდაც დაუმსახურებელ კრიტიკაზე, აბსოლუტურად გაუგებარ და ტრაგიკომიკურ კონტრშეტევებს ახორციელებენ.

ციხის დრესკოდის ოპერის დრესკოდთან შედარებას არ ვიცი რა შეიძლება უწოდოს. ან ეპიზოდი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უადგილოდ ჩააკვეხა და უსაყვედურა სახალხო დამცველს, რატომ არ იცავ ბიძინა ივანიშვილსო. რეგლამენტით არა თუ სახალხო დამცველს, არამედ არავის არ მოეთხოვება სახალხო დამცველის დაცვა კრიტიკისგან. სახალხო დამცველის ფუნქცია არის რიგითი მოქალაქეების დაცვა ხელისუფლებისგან და არა პირიქით. რას ლაპარაკობენ, თვითონ არ იციან. ეს ყველაფერი არის ერთი ისტორიის ნაწილი. ანუ მმართველობითი სისტემის სრული დეგრადაციის პროცესში ვიმყოფებით ჩვენ და არაფერს კარგს არ მოიტანს ეს. არც მათთვის და არც ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა ჯერჯერობით არ არის ქვეყანაში“, – გვითხრა გია ხუხაშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად