ხუხაშვილი: უპირატესობა ვაშაძეს აქვს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემაც გაჩნდება

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძეს სალომე ზურაბიშვილთან უპირატესობა აქვს.

როგორც პოლიტოლოგმა “აიპრესს” განუცხადა, ის არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოიგოს და “ოცნებამ” სისტემური ცვლილებები დაიწყოს, თუმცა ამის რესურსს ნაკლებად ხედავს.

“ისეთი შედეგი დაჯდა, რომ წმინდა არითმეტიკულად “ნაციონალურ მოძრაობას” აქვს უპირატესობა. გარდა ამისა პოლიტიკური ინიციატივაც მათ ხელშია. ამას ემატება ისიც, რომ მეორე ტურში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრობლემა გაჩნდება. ისე ინტენსიურად ვეღარ იქნება გამოყენებული. იმიტომ, რომ როცა სისტემა ირყევა, იქ ბევრი უარს ამბობს, ამ თამაშში მონაწილეობაზე, ან ცდილობს, რომ გაერიდოს ამას. ამას აჩვენებს სტატისტიკა.

მე არ გამოვრიცხავ სალომე ზურაბიშვილის მოგებას, მაგრამ მგონია, რომ ვაშაძეს მეტი შანსი აქვს. დიახ, ასე მგონია, რომ ფავორიტი გრიგოლ ვაშაძეა. შეიძლება დიდად არა, მაგრამ ასე ჩანს. შეიძლება “ქართულმა ოცნებამ” სასწაულები გააკეთოს, სისტემური ცვლილებები დაიწყოს და ა. შ. მაგრამ ამასაც სკეპტიკურად, ვუყურებ, თუმცა არ გამოვრიცხავ. სამწუხაროდ, დიდ რესურსს ვერაფერს ვხედავ “ოცნებაში” ამ თვალსაზრისით, მაგრამ მირჩევნია დაველოდო მოვლენებს. თუ ქვეყნისთვის რამე სასიკეთოს გააკეთებენ, მე მხოლოდ კმაყოფილი ვიქნები”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე (გაერთიანებული ოპოიზიცია) და სალომე ზურაბიშვილი (მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი) გავიდნენ.

სტატიის ავტორი იაგო ნაცვლიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად