ხუხაშვილი: დასავლეთს “ოცნებაზე” უყალიბდება აზრი, რომ ჩრდილოვან ავტორიტარიზმთან აქვს საქმე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ დასავლეთს ხელისუფლებაზე უყალიბდება წარმოდგენა, რომ საქმე აქვს ჩრდილოვან ავტორიტარიზმთან, დემოკრატიული პროცესის სერიოზულ დასუსტებასთან და პოლიტიკურ დევნასთან.

როგორც ხუხაშვილმა “აიპრესს” უთხრა, “ოცნებისთვის” დასრულებულია ილუზია, შეუძლიათ ქვეყნის შიგნით რაღაც „იჩალიჩონ“, მაგრამ გარეთ ფასადზე ფსევდო რეალობა გამოფინონ.

„ცალკეულ ეპიზოდებზე საუბარი ჩემი აზრით აზრს კარგავს. ეს თემა სისტემურ ხასიათს ატარებს. ეს არ არის ერთჯერადი განცხადება. ჩვენ გვესმის მთელი კასკადი ამ ბოლო თვეების განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს უყალიბდება გარკვეული წარმოდგენა საქართველოს ხელისუფლებაზე, რომ საქმე აქვს ჩრდილოვან ავტორიტარიზმთან ქვეყანაში, დემოკრატიული პროცესის სერიოზულ დასუსტებასთან და პოლიტიკურ დევნასთან.

ხელისუფლების მხრიდან იმაზე კამათს, რომ ეს ასე არ არის და მის რაღაც მცდელობებს, აზრი არ აქვს. გასაგებია, რომ მათ ვირ-ეშმაკული არგუმენტები შეიძლება მოძებნონ, მაგრამ ამის არავის აღარ სჯერა არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.

შესაბამისად, ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწორონ. დასრულებულია ის ილუზია, რომ შეუძლიათ ქვეყნის შიგნით რაღაც „იჩალიჩონ“, მაგრამ გარეთ ფასადზე ფსევდო რეალობა გამოფინონ. არ გამოდის ეს. შედეგს რაც შეეხება, დასავლეთი გეოგრაფიული ერთეული ხომ არ არის?! ის არის ფასეულობათა გარკვეული სისტემა. შენ თუ ამბობ, რომ იქით მიდიხარ, შენ უნდა მიდიოდე იმით, რომ გავხარ მას. რაც არ უნდა ერთგულებას ეფიცებოდეს მას, ეს არ არის დამაჯერებელი, იმიტომ, რომ დასავლურ საზოგადოებას თავისი ქცევის წესები აქვს და შენც ისე უნდა იქცეოდე“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკეს პროპორციული სისტემის ჩაგდებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მაკითხვაზე დაბარების გამო.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად