ხოშტარია: ვერ წარმომიდგენია, ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან გატეხოს სიტყვა და პოლიტიკური თვითმკვლელობით დაამთავროს

„შეთანხმება ორი პაკეტისგან შედგება, რომელზეც ხელი მოეწერა და შესაბამისად, მთლიანად შეთანხმება ჩავარდება, თუ ეს ასე არ მოხდება, მაგრამ ამ სცენარზე საუბარი არ მინდა. იმიტომ, რომ ნომებერში, როცა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოება მოატყუა, ეგონა, ეს გაუვიდოდა, მაგრამ არც საზოგადოების შიგნით გაუვიდა და რაც მთავარია, ამას დღეს ახალი ფაქტორი დაემატა, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების უშუალო მედიაცია, რაც კიდევ უფრო ძლიერი ფაქტორია. ვერ წარმომიდგენია, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ის ელჩთან გატეხოს სიტყვა და პოლიტიკური თვითმკვლელობით დაამთავროს“.

ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ფატალური შეცდომა დაუშვა, როცა დაიწყეს ლაპარაკი, რომ თუ კონგრესმენი რაღაცას ლაპარაკობს, ეს აშშ-ის პოზიციას არ ნიშნავს.

„უნდა გესმოდეს, რომ ეს არ უნდა თქვა შენ პარტნიორებზე და კონგრესმენებზე მით უმეტეს, აშშ-ში. რა თქმა უნდა, მივიღეთ სრულიად კონსოლიდირებული ამერიკის პოზიცია, რომელმაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ გადაწყვეტილებაში“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში, რომელიც არის დემოკრატიის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ამერიკელების წონა და ძალა.

„აშშ-ში ვიზიტზე რომ ვიყავით და მერეც, ჩვენი პარტნიორები სულ საუბრობენ იმაზე, რომ გადამწყვეტი არის ის, რასაც ქართული საზოგადოება გადაწყვეტს და ამ გადაწყვეტილებაში, რომელიც არის დემოკრატიის მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, ამერიკელების წონა და ძალა ძალიან დიდია; ფული, რესურსი და ა.შ. რა თქმა უნდა, ევროკავშირის ელჩის წვლილიც ძალიან დიდი იყო“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად