ხოშტარია: ჩოლოიანი არ ადარდებთ, ეს პოლიციელებისთვისაა გზავნილი არ შეგეშინდეთ ძალადობის, დაგიცავთო

ჩოლოიანი არ ადარდებთ, ეს პოლიციელებისთვისაა გზავნილი არ შეგეშინდეთ ძალადობის, დაგიცავთო, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.

“ჩოლიანი არავის არ ადარდებს, აქ პერსონალურად ჩოლოიანში არ არის საქმე. მათ თავის ხალხსაც არ სცემენ პატივს. ეს არის თქმა ყველა პოლიციელითვის, რომ არ შეგეშინდეთ ძალადობის, ჩვენ დაგიცავთ. შეიძლება გაგვიჭირდეს და აი ამ ჩოლიანის ჩასმა რამდენიმე თვე მოგვიწიოს, მაგრამ სხვა არავინ არ ჩავსვითო. ეს არის მოძალადე სისტემაზე ხელის დაფარება”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულებისთვის მსჯავრდებული მარიანა ჩოლოიანი საპატიმროდან გათავისუფლდა.

ადვოკატ გაგი მოსიაშვილის განცხადებით, ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ჩოლოიანი პირობით ვადამდე გათავისუფლდა.

მარიანა ჩოლოიანს 2020 წლის 7 სექტემბერს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მარიანა ჩოლოიანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 2019 წლის დეკემბერში შეუფარდა.

2019 წლის 11 დეკემბერს, მეათე კლასის მოსწავლე ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პირველ განყოფილებაში, „მწვანე სკოლის“ კედლებზე გაკეთებული წარწერების გამო გამოკითხეს. გამოკითხვაზე მოზარდი ორჯერ, 10 და 11 დეკემბერს იმყოფებოდა და ის ორივეჯერ მარიანა ჩოლოიანმა დაკითხა. ლუკა სირაძე მიღებული დაზიანებების შედეგად 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებული მარიანა ჩოლოიანის გარდა, ლუკა სირაძის საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუწყდა ორ პოლიციელს.

კომენტარები
იტვირთება...